LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი, ივლისში დაფიქსირდა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები – ღარიბაშვილი

66
261644572_0_133_1280_853_1920x0_80_0_0_eead3a83bac170e24c35cc98854ff95d

ივლისში დაფიქსირდა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა.

„ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა – 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. თუ შევადარებთ წინა წელს, თითქმის 40%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი არის რეკორდული როგორც წინა წლის ივლისთან, ასევე სხვა თვეებთან შედარებით. ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი თითქმის 37%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ასევე გვაქვს ზრდა იმპორტში და ჯამურად, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ ​ თითქმის 10 მილიარდი და 200 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 35%-ით მეტია“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ცალკე ტურიზმის სექტორს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია. პრემიერის განმარტებით, საქართველოში ძალიან ბევრი ტურისტია შემოსული, რის შედეგადაც ივლისში ტურიზმის შემოსავლებმა პანდემიის შემდეგ პირველად, 2019 წლის მონაცემს გადააჭარბა.

„გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 20%-ით მეტია, ხოლო თუ ჩვენ ამას 2021 წლის მაჩვენებელს შევადარებთ, ეს 130%-ით მეტია. ჯამში, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1,618 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნულით ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდა, რაც სასიხარულოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები