„ღმერთმა არ ქნას, ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვოს“, – ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, თუ ოპოზიციონერი კანდიდატი გაიმარჯვებს, „მათი მხრიდან მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება იქნება ცენტრალურ მთავრობაზე“.
ამის მაგალითად ღარიბაშვილს, 2017 წელი მოჰყავს, როდესაც ოზურგეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტში ქართულმა ოცნებამ არჩევნები წააგო და შემდეგ ორივე არჩეულ რაიონში, სამხარეო ადმინისტრაციასთან, გუბერნატორთან, სხვადასხვა სამინისტროების სამსახურებთან და ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინაცია გამართული არ იყო.
„მინდა მოვიყვანო ოზურგეთის და თიანეთის მაგალითი. ამ ორ მუნიციპალიტეტში ქართულმა ოცნებამ წააგო არჩევნები 2017 წელს და ამ ორივე რაიონში იყო სხვა კანდიდატი, არჩეული მერი. მას შემდეგ ორივე მუნიციპალიტეტში არ იყო რეალურად გამართული კოორდინაცია სამხარეო ადმინისტრაციასთან, გუბერნატორთან, სხვადასხვა სამინისტროების სამსახურებთან, ცენტრალურ მთავრობასთან. ცენტალური მთავრობა მუნიციპალიტეტში, რეგიონებში უამრავ საქმეს აკეთებს. ახლა ჩვენ დავიწყეთ ურბანული განახლების, რეაბილიტაციის პროექტები მასშტაბური. გვინდა, ამისი მასშტაბები გავზარდოთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ იყოს [გამარჯვებული] ოპოზიციური კანდიდატი? ღმერთმა არ ქნას, რომ ასე მოხდეს. მაგრამ ეს რომ მოხდეს, იქნება მათი მხრიდან მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე. მე ამაზე ვთქვი, ხალხისთვის უმჯობესია და მჯერა, ჩვენი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს“. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.