ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანეს. ავიადარტყმები ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტის გასროლის საპასუხოდ განხორციელდა. “ჰამასის” ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი.
ერთ-ერთი რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა, მეორემ კი, ისრაელის ტერიტორიას ვერ მიაღწია. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელმა ავიადარტყმა ოთხ ობიექტზე – საწვრთნელ ბაზასა და იარაღის საწყობებზე განახორციელა.
ამავე დროს, მდინარე იორდანის სანაპიროზე და ღაზას სექტორში ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირებაა. ისრაელის არმიამ პალესტინელი მოზარდების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ისინი ისრაელის საზღვართან დასახლება ბეით-ელში იკრიბებოდნენ.
უახლოესი ინფორმაციით შეტაკებების შედეგად ათასამდე ადამიანი დაშავდა. არეულობა დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას მოჰყვა.