„საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას აფხაზური ენის სამეცნიერო შესწავლის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი და საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, აფხაზ თანამემამულეებთან ერთად, ერთიანი ძალისხმევა უნიკალური აფხაზური ენის გადარჩენისა და შენარჩუნებისკენ იყოს მიმართული:
„სრულიად საქართველოს, ყველას, ვისთვისაც ჩვენი საერთო სიმდიდრის – აფხაზური ენის და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვან ღირებულებას და პასუხისმგებლობას წარმოადგენს, ვულოცავ აფხაზური ენის დღეს!
ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და ჩვენი ერთიანი ენობრივი საგანძურის განუყოფელი ნაწილია.
საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას აფხაზური ენის სამეცნიერო შესწავლის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით. ეს ძალისხმევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და ადგილზე მიმდინარე გაძლიერებული რუსიფიკაციის პირობებში, რაც დღეს, როგორც არასდროს – აფხაზურ ენას გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებს.
უაღრესად მნიშვნელოვანია, მივმართოთ ერთიანი ძალისხმევა ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან ერთად რომ, გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ უნიკალური აფხაზური ენა, მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს მისი შესწავლითა და აფხაზური ვაქციოთ კავშირების შემდგომი განმტკიცების და ახალი შესაძლებლობების ენად მშვიდობის და ნდობის მშენებლობის პროცესში. Еицыҳахьчап аҧсуа бызшәа! ერთად დავიცვათ აფხაზური ენა!“ – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.