თანამშრომლობის საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელებთან, ბორის სილევიჩთან და კერსტინ ლუნდგრენთან შეხვედრაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო სასამართლო რეფორმას, პენიტენციალური სისტემისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების მხრიდან ხაზი გაესვა მთელ რიგ სფეროში მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საარჩევნო საკითხებზე. PACE–ის წარმომადგენლები წინასაარჩევნო პრიორიტეტებით დაინტერესდნენ. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ხელისუფლების პრიორიტეტია კონკურენტუნარიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს განმტკიცება, მთავარი ამოცანა კი–ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
„მინდა მადლობა ვუთხრა პრემიერ–მინისტრს ღია, გახსნილი საუბრისთვის. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ვალდებულებები ევროპის საბჭოს მიმართ. მოგეხსენებათ, რომ არის საარჩევნო წელი და მნიშვნელოვანია, ეს არჩევნები იყოს აღიარებული, როგორც სამართლიანი და დამოუკიდებელი,“–განაცხადა – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა ბორის სილევიჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.