LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისარი საქართველოში მცირე ფერმერებს შეხვდა

67

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აჭარაში მცირე ფერმერებს შეხვდა.  საქართველოში ვიზიტის ფარგლებში,  ჰანიმ  აღნიშნულ რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  სასოფლო-სამეურნეო პროექტები დაათვალიერა.

როგორც „ფორტუნას“ ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს,  ევროკომისარი  სოფელ ოჩხამურში, კენკროვანების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „ლურჯა 2015“ ეწვია და მას  საჩუქრად  პერსონალური კომპიუტერები გადასცა.  გარდა ამისა,    ჰანი აჭარის  აგროსერვისცენტრის ქობულეთის ფილიალსაც  ესტუმრა და მის ტერიტორიაზე მდებარე ENPARD-ის სადემონსტრაციო სათბური, ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა მოინახულა.

ორივე პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის  ENPARD-ის პროგრამის მიერ. 2013 წლიდან, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის დახმარება 250 მილიონი ლარს შეადგენს.

ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრის ცნობით,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ვიზიტი და მცირე ფერმერებთან გასაუბრება შესაძლებლობას მისცემს ევროკომისარს, თავად გაეცნოს ფერმერთა წარმატებულ კოოპერატივებს და მათ როლს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, პროგრესში, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში სახეზეა, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის როლი.
„აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რათა დასახული მიზანი მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას მიღწეული. აგარარული სექტორის განვითარების ხელშეწყობაში ევროკავშირის დახმარების, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD) ხორციელდება შედეგები ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

„ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას აქტიურად ეხმარება სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD). ეს დახმარება მთლიანობაში 250 მილიონს მოიცავს და 2013-2020 წლებზეა გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში 10 000-მა ფერმერმა უკვე მიიღო დახმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, კოოპერატივის „ლურჯა-2015“ 2 წევრს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და მათ სპეციალური კომპიუტერები გადაეცათ. კომპიუტერებში ჩაწერილია სპეციალური ქართულენოვანი პროგრამა, რომელიც მათ საქმიანობაში დაეხმარებათ, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საზოგადოების განვითარებაში

შეგახსენებეთ, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში 14 ივლისს ჩამოვიდა და ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან ერთად,  ბათუმში დაგეგმილ რიგით მე-13 ყოველწლიურ კონფერენციაზე “საქართველოს ევროპული გზა 2016”  სიტყვით გამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები