ნარჩენების მართვის მართვის გაუმჯობესება საქართველოში იყო საჯარო ფორუმის “Talking Environment – გარემოს ქმნი შენ“ განხილვის საგანი. ფორუმი ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა ფართო საზოგადოების 400-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.
საჯარო ფორუმი ორგანიზებული იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან, თბილისის მერიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციათან “Georgia’s Environmental Outlook- GEO” მჭიდრო თანამშრომლობით.
საჯარო ფორუმმა შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდობის, სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტული ჯგუფების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 400 მეტ წარმომადგენელს ჩართულიყო საქართველოში ნარჩენების მართვის საკითხების შესახებ დისკუსიებში. ნარჩენების არასათანადო მართვით ქვეყანაში შექმნილ გამოწვევებზე, აგრეთვე ნარჩენების მართვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე დეტალურად ისაუბრეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ: კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში; ლევან დავითაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე; ხატია წილოსანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; გიორგი შუხოშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი; მაიკე დამენი, საერთაშორისო ექსპერტი; ხათუნა გოგალაძე, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი; ნინო თევზაძე, CENN.
„ევროკავშირი მსოფლიო ლიდერია გარემოს დაცვის სფეროში. მოხარული ვარ, რომ გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოების დღის წესრიგში პრიორიტეტულ ადგილს იკავებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირისთვის დიდი პატივია უმასპინძლოს დიდ საჯარო ფორუმს თბილისში, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში და ამით ხელი შევუწყოთ საჯარო დისკუსიას. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ინტერესემა, რომელიც ამ ღონისძებამ გამოიწვია და ისეთი პარტნიორების მონაწილეობამ, როგორიც არის საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება. მოუთმენლად ველით ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას საქართველოს მხარდასაჭერად, რათა ქვეყანამ შეძლოს ამ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა“ – განაცხადა ელჩმა ჰარცელმა.
„მთავარ დაინტერესებულ მხარეებს შორის საქმიანობების კოორდინაცია, მათი და ასევე ფართო საზოგადოების მხრიდან ნარჩენების მართვის პროცესში საკუთარი როლისა და ვალდებულებების სათანადო გააზრება, ნარჩენების მართვის დარგში წარმატების მიღწევის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და დასძინა, რომ აუცილებელია, საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ ინფორმაცია ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობის, ტენდენციებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესებში.
ევროკავშირის ელჩმა ჰარცელმა ფორუმზე გახსნიალად გამოაცხადა სოციალური მედია-კამპანია „ნარჩენების შემცირების გამოწვევა“, რომელიც მიზნად ისახავს ფართო საზოგადების ჩართვას ნარჩენების რაოდენობის მინიმიზაციაში მათი შემცირების, ხელახალი გამოყენების, გადამუშავების გზით. მან აღნიშნა, რომ ნარჩენების შემცირება არის ის, რაც თითოეულ ჩვენთაგანს ხელეწიფება – „ნარჩენების შემცირების გამოწვევით“ იმედი მაქვს, რომ ეს გზავნილი ფართო მასებს მიაღწევს.
ღონისძიება დაიგეგმა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც გარემოსდაცვითი საკითხები პრიორიტეტულ საკითხებად გამოიკვეთა ადგილობრივ მნიშვნელოვან საკითხების ჩამონათვალში. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აღელვებს: ჰაერის დაბინძურება (57%), სურსათის უსაფრთხოება (44%) და საკვებ პროდუქტებში სახიფათო და ტოქსიკური ნივთიერებების არსებობა (40%). გამოკითხვის შედეგების თანახმად, თბილისის მოსახლეობისათვის ყველაზე მწვავე პრობლემას გარემოს დაბინძურება წარმოადგენს.
დამატებითი ინფორმაცია :
საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 900 000 ტონა – 3.42 მლნ. მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 600 კგ-ს შეადგენს. ნარჩენები შეიცავს 1000-მდე არასახიფათო და სახიფათო ნივთიერებას, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.
ნარჩენების უკონტროლოდ განთავსება:
■ აბინძურებს ჰაერს, წყალს და ნიადაგს;
■ აზიანებს ეკოსისტემებს და ბიომრავალფეროვნებას;
■ აბინძურებს საკვებს;
■ ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების გავრცელებას.
ნარჩენების შეგროვება, უსაფრთხოს განთავსება, რეციკლირება, აღდგენა და ზოგადად ნარჩენების მართვა საქართველოს მთავრობისთვის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. 2015 წლამდე, კერძოდ, ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებამდე, საქართველოში არ არსებობდა ნარჩენების მართვის სათანადო სისტემის შექმნის საკანონმდებლო საფუძველი. ნარჩენების მართვის კოდექსი ამკვიდრებს პრინციპების -მოთხოვნების რიგს და აკისრებს ვალდებულებებს როგორც ნარჩენების წარმომქმნელებს, ასევე ნარჩენების მართვის ობიექტების ოპერატორებს. ზოგიერთი მოთხოვნა უკვე ძალაშია. დანარჩენი მოთხოვნები ეტაპობრივად ამოქმედდება, კოდექსში განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.
უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელდა რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც მიზნად ისახავდნენ კანონმდებლობისა და შესაბამისი სტრატეგიების შესრულებას და თანამედროვე სტანდარტებისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისი ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვას.