ევროკავშირი პრიორიტეტს გლობალურ ვაქცინაციას ანიჭებს და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს ჰპირდება, რომ კოვიდვაქცინის 200 მილიონ დოზას გადასცემს.
ამის შესახებ ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის დროს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა და აღნიშნა, რომ “ევროკავშირში ვაქცინაცია სწორი გზით განხორციელდა”.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტს მიმართა და აღნიშნა, რომ მომავალი წელი იქნება კიდევ ერთი გამოცდა ევროკავშირისთვის.
“ჯანდაცვის ყველაზე გლობალურ კრიზისში ჩვენ ვირჩევთ ერთად სვლას” – თქვა მან და აღნიშნა, რომ ევროპის ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად აცრილია.
ფონ დერ ლეინმა ასევე თქვა, რომ ევროპა ერთადერთი რეგიონია, რომელმაც თავისი ვაქცინის მარაგი სხვა ქვეყნებს გაუზიარა და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს დამატებით 200 მილიონ დოზას დაჰპირდა:
“დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ევროკომისია დაამატებს ახალ შემოწირულობას 200 მილიონი დოზის სახით მომავალი წლის შუა რიცხვებამდე. ეს არის ინვესტიცია სოლიდარობაში და ეს არის ინვესტიცია გლობალურ ჯანმრთელობაშიც.” – თქვა მან.