ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირი გაეროს განვითარების პროგრამასთან და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან ერთად 3 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ”UNDP” ავრცელებს.
კორონავირუსის პანდემია საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას კიდევ უფრო ამძაფრებს და მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვას საფრთხის წინაშე აყენებს. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (OHCHR) 2.5 მილიონი ევროს (3 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების პროგრამას იწყებენ. აღნიშნული, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.
სამწლიანი ინიციატივის ხელმოწერა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა.
პროგრამა გაეროს სააგენტოების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში განხორციელდება.
“ადამიანის უფლებებში ინვესტიცია, უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების მისაღწევად აუცილებელია. ევროკავშირისთვის ადამიანის უფლებები, პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისა და შემდგომი აღდგენის საქმეში დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ისევე როგორც გენდერული თანასწორობა, ყოველთვის წამყვანი იქნება” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
UNDP-ის ხელმძღვანელის, ლუიზა ვინტონის თქმით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში აღწერილი პრინციპების განხორციელების გზაზე საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია. თუმცა, პანდემიამ ამ პროცესის სუსტი მხარეებიც გამოავლინა და დაგვანახა ის საფრთხე, რომელიც ადამიანის უფლებებს ემუქრება.
“ჩვენი ახალი პროგრამა პასუხს გასცემს ამ გამოწვევას და თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებს პოსტ-პანდემიური აღდგენის ცენტრში დააყენებს” – აცხადებს ვინტონი.
OHCHR-ის უფროსმა მრჩეველმა, ვლადიმირ შკოლნიკოვმა კი განმარტა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის იმპერატივია.
“საერთო მიზნების მიღწევას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ყველა ადამიანისთვის თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველვყოფთ. პანდემიის მიერ გამოვლენილ ჩავარდნებს ვუპასუხებთ, ხოლო დამკვიდრებული, სისტემატური და თაობათაშორისი უთანასწორობის, გარიყულობისა და დისკრიმინაციის მოსაგვარებლად ადამიანის უფლებათა სტანდარტებს გამოვიყენებთ”.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროკავშირის, UNDP-სა და OHCHR-ის ერთობლივი პროგრამა ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკისა და შესაბამისი პრაქტიკის განმტკიცებას ხელს შეუწყობს. პროგრამის განხორციელებისას, განსაკუთრებული ყურადღება იმ საკითხებს და გამოწვევებს მიექცევა, რომლებიც ევროკავშირისა და გაეროს მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ დამოუკიდებელ შეფასებაშია აღნიშნული.
ახალი პროგრამა ხუთი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:
- ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის შექმნაზე, მონიტორინგსა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების გაძლიერება.
- სამართალდამცავი ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ხელშეწყობა.
- უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა.
- ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე.
- საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირება ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა ”ადამიანის უფლებები ყველასთვის” ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ევროკავშირისა და გაეროს ოთხწლიან თანამშრომლობას ეყრდნობა. ამ თანამშრომლობის ახალი ეტაპი მომავალი სამი წლის მანძილზე, 2023 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.