საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის კრიტიკა, მხოლოდ და მხოლოდ უშუალოდ, მისი – ევროპარლამენტარის აზრია. აღნიშნულის შესახებ დიპლომატმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ეს მისი აზრია… ანუ თქვენი არგუმენტი არის, რომ ერთი ევროპარლამენტარი დეპუტატის აზრი არის ევროკავშირის პოზიცია. სად ამოიკითხეთ ევროკავშირის პოზიციაში, რომ საქართველო კურსს იცვლის, სად ამოიკითხეთ?“- უპასუხა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტრმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ შეუსრულებელი პირობების გამო, საქართველოს მთავრობა ვერ იტყოდა უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა.