LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის ნონსენსი” – ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე საათში უნდა გახდეს ცნობილი

112
melia

ნიკა მელია, უკვე მეორედ დაპატიმრების მოლოდინშია – პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით უკვე მიმართა, თუმცა ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია. ის დღეს იმსჯელებს საკითხზე და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ბედი.

ბოლო ორ დღეში არაერთი პოლიტიკოსის თუ იურისტის შეფასება მოვისმინეთ და ყველა ერთხმად ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურია. რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალში არ შედიან “ქართული ოცნების” წევრები, რომლებიც საზოგადობას ეუბნებიან, რომ კანონის უზენაესობა მთავარია, თუმცა არსებობს ერთი კარგი სიტყვა – კონტექსტი. სწორედ ამიტომ,  ნიკა მელიას საქმის სამართლებრივი დეტალებზე იურისტებს ვესაუბრეთ.

დღეს სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე იმსჯელებს

პროკურატურა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს

მელიას უფლებადამცველი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ დღეს რაც ნიკა მელიას გარშემო ხდება ფორმალობა და ფარსია.

” ჩვენ გუშინ იმის შესაძლებლობაც არ მოგვეცა, რომ კომიტეტზე კითხვები დაგვესვა. ფაქტი არის ერთი, მათ არ სურთ სამართლებრივი არგუმებტების მოსმენა, მათ პოლიტიკური დირექტივა აქვთ. პროკურორის განცხადება არის ფორმალური. ნიკას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ის გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან. იქნება აბსოლუტურად ახალი სამართლებრივი პრაქტიკა. 2019 წლის ივნისიდან აქამდე არავის ახსოვდა ეს საქმე”, – ამბობს ადვოკატი.

ჩვენ მას ვკითხეთ სამართლებრივი არგუმენტების შესახებ, რადგან საზოგადოების ნაწილს აქვს კითხვები, თუ გირაო აქვს შეფარდებული რატომ არ იხდის, მაშინ რა ქნან სხვა ადამიანებმა, ვისაც ასევე დაკისრებული აქვს გირაო.

“ნიკა მელია ერთადერთია საქართველოში, ვისაც გირაოსთან ერთად სამაჯური ჰქონდა, ვისაც აეკრძალა საჯარო გამოსვლა და მესამე პირებთან კომუნიკაცია. ეს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება ისედაც არ სრულდება 2019 წლის ივნისიდან. ის თავისუფლად გადაადგილდებოდა, საჯაროდ გამოდიოდა სიტყვით, პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული, ანუ მათი ლოგიკით კანონი ირღვეოდა ყოველდღე.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში არ არსეობს შემთხვევა, რომ გირაოს დარღვევის შემდეგ კიდევ გირაოს უმატებენ. არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს იმის, რაზეც დღეს პროკურორი საუბრობს. პატუმრობა რომ გამოიყენო უნდა იყოს მიმალვის საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ამ 1 წლის და 6 თვის მანძილზე რომელიმე ეს საფრთხე დადგა? ამიტომ ეს არის ფარსი, დაველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო“.

მანამდე ნიკა მელიას “მრავალპარტიულმა” პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი ერთხმად შეუწყვიტა. ამ ფაქტს დიპლომატები უკვე გამოეხმაურნენ. მათ შორისაა აშშ–ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი.

ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა საქართველოს: იან კელი

იან კელი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას გამოეხმაურა.

იურისტი, ლევან სამუშია ასევე ამბობს, რომ დღეს რაც ხდება, სრული სამართლებრივი აბსურდია.

„პროკურორი საუბრობს კანონის სახელით, მათ ქმედებას კანონთან და სამართლთან შეხება არ აქვს. ნიკა მელიას გადახდილი აქვს გირაო. დაასახელონ ერთი პრეცედენტი, როცა ადამიანს გირაოზე გირაოს აკისრებენ. დღეს საუბრობენ, რომ სამაჯურის მოხსნაზე ყოფილა გირაო. სამაჯური სასამართლომ მოუხსნა. ამის ტარების ვალდებულება მოუხსნა. სამართალწარმოებაში არ არებობს პრეცედენტი, რომ უკვე შეფარდებულ გირაოზე კიდე გირაოს უმატებენ.

თან პროკურორი ამბობს, რომ მელია სანიმუშოდ იქცეოდა. ეს არის სრული ნონსენსი , რაც ხდება. ამასაც ისიც ემატება, რომ გადახდის ვადა თვენახევრის განმავლობაში რომ გაუვიდა, დაუყოვნებლივ რატომ არ მიმართეს პატიმრობის მოთხოვნით. მსგავსი რამ არ არსებობს“, – ამბობს სამუშია.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ნიკა მელიას ივანიშვილის გუნდი ვერ დაიჭერს. თუ, მათი თქმით, “ქართული ოცნება” ამას გადაწყვეტს, ისინი მელიას დაპატიმრების საშუალებას ფიზიკურად არ მისცემენ.

სამოქალაქო აქტივისტები კი ამბობენ, რომ მმართველი გუნდი რეალურად გავრილოვის დავალებას ასრულებს და თუ მელიას დააკავებენ, ის გავრილოვის პატიმარი იქნება.

რა მოხდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

 

ცნობისათვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 16:00 საათზე იმსჯელებს. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.