საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, როგორც ხელოვანი ადამიანები, ისე ფეხბურთელები „შავი ფულისათვის ბრძოლის ბინძურ კამპანიაში” არ უნდა გარიონ:
„საზოგადოებაში ცნობილი სახეები, რამდენიმე ადამიანი, ვინც გამოვიდა და მხარი დაუჭირა მათ ცრუ ნარატივს, ისედაც ვიცოდით, რომ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები იყვნენ. ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს არ ვეუბნებით, რომ ასეთი განცხადებები გააკეთონ, არ ვრევთ. მომღერალი, მოცეკვავე, ხელოვანი, მხატვარი, სპორტსმენი ყველას უყვარს და ხომ შეიძლება, ყველასი იყოს, ყველას უყვარდეს – ამ “ენჯეოების” მომხრეებსაც, “ნაცმოძრაობის” და “ქართული ოცნების” მომხრეებსაც. ხომ შეიძლება მომღერლები არ ჩავაყენოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოვიყვანოთ და ტყუილები ვალაპარაკოთ. ჩემი დიდი პატივისცემა ნინო ქათამაძის ნიჭს, მაგრამ ტყუილი მოყვა.
წარმოიდგინეთ, ემიგრანტი ჩამოვიდა, ფული ჩამოიტანა, მიტინგზე გავიდა და ეს ამ კანონით არ შეიძლებაო. უფრო მეტ ტყუილს ვერ მოიფიქრებ. ან დაარწმუნეს და მსხვერპლია ეს ადამიანი ბინძური, შავი ფულისთვის ბრძოლის კამპანიას, ან შეგნებულად იტყუება. წარმოუდგენელი ტყუილი თქვა. უნიჭიერესი ადამიანი, ხალხი რომ პატივს სცემს, გამოვიდა და ტყუილი თქვა. ან რატომ კადრულობს ან რატომ უჯერებს ასე უაპელაციოდ?
ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ, არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. არც ჩვენ გვინდა. გავჩერდეთ. დასდევენ, აბულინგებენ. ამ ხალხმა ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ უნდა ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე და უნდა იყვნენ შემართებით მთელი საქართველოს მხარდაჭერით. არ შეიძლება მათი გაყოფა.
ვიღაც შეიძლება მხარს არ გვიჭერდეს, ან ვიღაც გვიჭერდეს, ვიღაც მეგობარია ჩვენი. ლევან კობიაშვილი ჩვენი ოჯახის წევრია ყველანაირი გაგებით და არ კადრულობს და არ ეუბნება არც ერთ მათგანს მხარდაჭერაზე. გაუჭირდებოდა? ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ და დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი. იმ ბიჭებმა უნდა ითამაშონ მთელი საქართველოს სიყვარულით. ყველას სიყვარულით უნდა იყვნენ გაჟღენთილები და გაეშვით. დაანებეთ ცოტა ხანი თავი. რატომ დასდევთ. აბულინგებენ. საიდან არ უვლიან. ნუ გახვევთ შავი ფულისთვის ბრძოლის ბინძურ კამპანიაში. სულ რომ მართლები იყოთ, მაინც გაეშვით, მტყუანები ხართ და გაეშვით”, – განაცხადა მდინარაძემ.
მთავარ სლაიდზე ფოტო: რადიო „თავისუფლება”