მარიკა თხელიძე ახლახან ტელეწამყვანი გახდა. ის „პოსტივიზე“ გვიან დილას უძღვება. მარიკასთვის ეს ახალი გამოწვევაა და ცხოვრების კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი, როცა ტელევიზიასთან სიმღერის გარდა, უკვე ტელეწამყვანობაც დააკავშირებს.
მარიკას ცხოვრებაში კიდევ ერთი დიდი სიახლეა, ის ქმარ-შვილთან ერთად თბილისს დაუბრუნდა ბათუმიდან, სადაც ბოლო 3 წელი გაატარა.
Fortuna.ge-ს ახალ ამბებს ექსკლუზიურად უზიარებს.
მარიკა, „გვიანი დილის“ გუნდს შეუერთდი… მოგვიყევი, როგორ მიიღე ეს წინადადება ტელევიზიისგან, რომ გადაცემის წამყვანი გამხდარიყავი?
ახალი გამოწვევა დაიწყო ჩემთვის და ძალიან საინტერესო. სიმართლე რომ გითხრათ, სულ მინდოდა, ოღონდ არასდროს ვაჟღერებდი ხმამაღლა. ხომ არის, რაღაცებზე გეფიქრება… და დავრწმუნდი, რომ ფიქრი მატერიალიზდება. კონკრეტულ გადაცემაში არა, მაგრამ ტელევიზიაში წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემს თავს. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ტელევიზია, გადაღება ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა. ამან თავისი დიდი როლი ითამაშა. მინდოდა, რომ ასეთი გამოწვევის წინაშე ვყოფილიყავი კარგი გაგებით. მართლაც მივიღე შეთავაზება „გვიანი დილის“ გენერალური პროდიუსერისგან, თამარა მაჭავარიანისგან. რომ გითხრა, დავფიქრდი-მეთქი, არა. დიდი სიხარულითა და ზეიმით შევუერთდი ამ გუნდს. მე თვითონ მაინტერესებს ჩემი შესაძლებლობების გამოცდა. მაინტერესებს, როგორ წარვმართავ ამ საქმიანობას.
როგორია ახალი ამპლუა შენთვის?
ძალიან საპასუხისმგებლოა. უამრავი მაყურებელი გიყურებს. როცა ტელეეთერში სტუმარი ხარ, მაშინაც დიდი პასუხისმგებლობა გაქვს, მაგრამ როცა ტელეწამყვანი ხარ, ნებისმიერი ფორსმაჟორული სიტუაციისთვის მზად უნდა იყო. ჩემთვის მთავარია ის, რომ დილა დავიწყო პოზიტივით. სხვათა შორის, რამდენჯერმე, რაც ბათუმიდან გადმოვედი, ვიყავი მიწვეული „პოსტივიზე“. მითხრეს, იმდენჯერ მოხვედი, რომ ალბათ ჩვენს გუნდს შემოუერთდებიო. მოკლედ, ძალიან გახარებული ვარ, რომ სიმღერის გარდა, ტელევიზიასთან მჭიდრო კონტაქტი მექნება. მინდა, მაყურებლის დადებით განწყობაზე ვიზრუნო. ხომ არის პერიოდი, როცა ადამიანი დადებით აურას და ენერგიას ეძებს და პოულობს. ამას ვგრძნობ და მინდა, გავუზიარო მაყურებელს. მინდა, სხვანაირი მარიკაც დაინახონ. დიდი ხანია, ეკრანზე არ ვყოფილვარ და ცოტა მივიწყებულიც ვყავდი მაყურებელს…
აღნიშნე, რომ ბათუმიდან თბილისს დაუბრუნდი. ეს როდის მოხდა? ბოლო წლები ქმარ-შვილთან ერთად ბათუმში ცხოვრობდი…
სამი წელი ვიცხოვრე ბათუმში. ჩემი ქმარი არის ბათუმელი. აქედან გამომდინარე, მომიწია დედასთან და ნიკოლოზთან ერთად ამ ქალაქში ცხოვრებამ, დედა ძალიან მეხმარებოდა. ძალიან ძნელია, იმ გარემოს მოწყდე, სადაც მთელი ცხოვრებაა, ხარ. ცოტა გამიჭირდა ბათუმში ყოფნა, თუმცა გიორგიდან გამომდინარე, იქ სამი წელი დავყავით. ბევრჯერ მომიწია უარის თქმამ გადაღებებზე, კონცერტებზე, რამაც ძალიან დამწყვიტა გული. გიორგის ძალიან უყვარს ჩემი სიმღერა და ცდილობს, ხელი შემიწყოს ამ კუთხით. ერთი-ორჯერ ჩამოვედი გადაღებაზე და იმავე დღეს უკან წავედი, რადგან ბავშვებს ვერ ვტოვებდი. ამ მოგზაურობებმა ძალიან გადამღალა. მივხვდი, რომ ასე ვეღარ გავაგრძელებდი. ნიკუშას სწავლის კუთხითაც მინდოდა, რომ უფრო მეტი გამეკეთებინა. ამონაშვილის აკადემიაში დამყავს. ჩემი კარიერის, ბავშვების თუ სხვა მიზეზების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ გადმოვსულიყავით თბილისში. ნოემბრის თვეში ჩამოვედით. რამდენიმე დღეში დავურეკე კობა მესხიას, შევედი სტუდიაში და ჩავწერე ლილიკო ნემსაძის სიმღერა, რომელიც წელიწდნახევრის განმავლობაში მქონდა თაროზე შემოდებული. „მე და შენ“ ხალხს ძალიან მოსწონს. რადიოში ინტენსიურად ტრიალებს და ძალიან მიხარია. ეს არის ის სიმღერა, რომელიც მეუღლემ მაჩუქა. მერე მიეწყო გადაცემებში მონაწილეობა. ყველა მიხვდა, რომ აქ ვარ და ვაგრძელებ ჩემს შემოქმედებითად აქტიურ პერიოდს. მე თვითონ არ ველოდი, იმდენად აქტიურად ჩავერთე. ჩვენს ოჯახს შემოემატა არაჩვეულებრივი აღმზრდელი, დედაც მეხმარება, ხელშეწყობა მაქვს ვივიენის მხრივ. შინაგან განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ტელეწამყვანობის წინადადებაც ამ პერიოდში მივიღე… სასიმღერო კარიერაც ძალიან აქტიურია – ახლა ვაპირებ რუსა მორჩილაძის ახალი სიმღერის ჩაწერას.
ვივიენი ახსენე, შენი უმცროსი ქალიშვილი როგორი გოგოა?
დედიკოზეა მოწებებული, გავიღვიძებ ან სახლში დავბრუნდები თუ არა, იმ წამიდანვე მგრძნობს, მორბის ჩემკენ. უკვე დაიწყო სიარული. რომ ირბინო, ვერ დაეწევი. ძალიან საყვარელი ბავშვია. რაღაცნაირად მიყურებს ხოლმე, თითქოს ტკბება შენი ყურებით. დიდივით მიყურებს…
მიუხედავად იმისა, რომ წელიწდნახევრის წინ შეგეძინა მეორე შვილი, მალევე ჩადექი ფორმაში და ფანტასტიკურად გამოიყურები ამ ბოლო დროს…
გულწრფელი კომენტარები და კომპლიმენტები ჩემთვის ჩათვალეთ, რომ ერთი წლის სიცოცხლის მომტანია. ძალიან მახარებს ადამიანების თბილი შეფასებები. ვცდილობ, ყოველთვის ვიყო ფორმაში. მაქსიმალისტი ვარ. არ ვაძლევ თავს იმის უფლებას, რომ ხუთი წუთით მაინც მოვეშვა, თუნდაც სახლში. რომ ჩავიხედები სარკეში, უნდა მომწონდეს ჩემი თავი. ძალიან ბევრი წლის წინ, როცა სტრესი მქონდა, სარკეში ჩახედვისას ჩემი თავი არ მომწონდა. მას მერე, გადავწყვიტე, როცა სარკეში ჩავიხედები, უნდა ვიყო მოწოდების სიმაღლეზე, ვიყო მაგალითი ჩემი შვილებისთვის. ქალებისთვის თუ ვიქნები მაგალითი, ბედნიერი ვიქნები. მიყვარს ჩემი თავი, მომწონს, რომ ვარ კარგ ფორმაში, საკუთარ თავს ვცემ პატივს. ახლა, ამ პერიოდში, გადავწყვიტე, განსაკუთრებულად კარგ ფორმაში ვიყო, რადგან ასეთ ტალღაზე ვარ…
ინტერვიუ: ნინო მურღულია