საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსმენებთან დაკავშირებით საუბრისას განმარტავს, რომ „დღეს მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი“. მისივე განმარტებით, „ნებისმიერ ქვეყანას აქვს მოსმენების საშუალება“.
„მოსმენებზე მინდა გითხრათ შემდეგი – ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი დაამუშავეთ, თქვენ ნახავთ, რომ დღეს მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი. ნებისმიერ ქვეყანას აქვს მოსმენების საშუალება და ძალიან მარტივია, ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ჩვენ, მათ შორის ჰაკერების, ძალიან ბევრი კონსპირაციული ორგანიზაცია არსებობს, ჰაკერული ორგანიზაციები არსებობს, რომლებსაც აქვთ საშუალება, გატეხონ თქვენი მობილურის ტელეფონი, მოგისმინონ, მოიპარონ მთელი დატა, ანუ მონაცემთა ბაზა. ეს მინდა, რომ აგიხსნათ“, აცხადებს ღარიბაშვილი.
კითხვაზე, თუ რატომ უსმენენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ტყუილია და მათ არავინ უსმენს.
„არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს ტყუილია. მე გეტყვით, რომ ეს თემები არ არის ჩემთვის საინტერესო, თუ რაიმე გამოძიებისთვის იქნება საინტერესო, ამას გამოძიება გასცემს პასუხს”, – განაცხადა პრემიერმა.