საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მთავრობის ახალ ცვლილებასთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ საგანგებო რეჟიმის ფარგლებში დაწესებული სასჯელი, 6-წლიანი პატიმრობა წესების დარღვევისთვის, საზოგადოებაში დამახინჯებული ინტერპრეტაციით ვრცელდება. მამუკა მდინარაძემ ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ ეს არის არაპროფესიონალიზი ან ხალხის შეგნებულად მოტყუება.
“რამდენიმე ტრადიციულად კრიტიკული ადამიანის პოსტი და კომენტარი მომხვდა თვალში, სადაც ისინი აკრიტიკებენ ჩვენს მიერ გუშინ მიღებულ ცვლილებას და ამბობენ, რომ ჩვენ დავაწესეთ ექვწლიანი (და არა 6 წლამდე) პატიმრობა საგანგებო რეჟიმის დარღვევისათვის. არ ახსენებენ პრეზიდენტის დეკრეტზე მითითებას ამ მუხლში, დღეს მოქმედ სამ წლამდე სანქციას და ა. შ. არც ერთი რეალური განმარტება, მხოლოდ დამახინჯებული ინტერპრეტაციები. აქ სულ ორი ვარიანტია – საქმე გვაქვს ღრმა არაპროფესიონალიზმთან ან ხალხის შეგნებულად მოტყუებასთან, რადგან, ახალი ცვლილებით: საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევა ისჯება 6 წლამდე (და არა 6 წლით!) თავისუფლების აღკვეთით, რაც ნიშნავს ექვსი თვიდან ექვს წლამდე სასჯელს” – მამუკა მდინარაძე.
საგანგებო მდგომარეობის წესების ხელმეორედ დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება
მამუკა მდინარაძე წერს, რომ აქამდე ასეთი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსში საერთოდ არ არსებობდა და მასზე, როგორც დანაშაულზე, პირველი ჩანაწერი პრეზიდენტის დეკრეტში გაჩნდა ერთი თვის წინ. გუშინ ის სისხლის სამართლის კოდექსშიც ოფიციალურად აისახა. უმრავლესობის ლიდერი ასევე განმარტავს საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებულ რეგულაციებს და აცხადებს, რომ სწრაფ გადაწყვეტილებებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.
“საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს იმიტომაც არსებობს აბსოლუტურად განსხვავებული, განსაკუთრებული და არაორდინალური რეგულაციები, რომ გარდა სწრაფი გადაწყვეტილებების სასიცოცხლო მნიშვნელობისა, აუცილებელი ხდება ისეთი მოქმედებების სწრაფი და მკაცრი პრევენცია, რომელიც ჩვეულებრივ სიტუაციაში შეიძლება მარტივ გადაცდომადაც კი არ ითვლებოდეს, არა თუ დანაშაულად. საგანგებო მდგომარეობის დროს ბევრი ისეთი ქმედება შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა, რომელმაც უდიდესი რისკის ქვეშ დააყენოს უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, სახელმწიფოს უსაფრთხოება და ა.შ. მოქმედებამ, რომელიც აბსოლუტურად უწყინარ ხასიათს ატარებს ჩვეულებრივ სიტუაციაში, შეიძლება კატასტროფული მაშტაბის ზიანი მოიტანოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.
მარტივია თეორიული თუ პრაქტიკული მაგალითების დასახელება, რომელთა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ჩადენის შემთხვევაში სანქცია – ექვს წლამდე პატიმრობა ძალიან მსუბუქ სასჯელადაც კი იქნას მიჩნეული ქმედების უკიდურესად მძიმე შედეგებიდან გამომდინარე” – წერს მდინარაძე.
უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, ცვლილება კანონმდებლობაში საქართველოს სახელმწიფოს, მოქალაქეთა ჯანმთელობისა და სიცოცხლის დაცვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარეობს.