საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყება მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.
ილია დარჩიაშვილის თქმით, სამინისტრო ასევე ეხმარება ისრალეში სამკურნალოდ მყოფ ბავშვებს, რათა ისინი სხვა ლოკაციაზე გადაიყვანონ, ან საქართველოში დააბრუნონ:
„სპეცრეისების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის ფრენები არ არის. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს 4-5 ფრენა, რომელსაც სხვადასხვა კომპანია ასრულებს. მინდა, აღვნიშნო, რომ დაახლოებით სამი ათასამდე ადამიანმა ისარგებლა ამ ფრენებით, რომლებიც ისრაელიდან ჩამობრძანდნენ საქართველოში.
ჩვენთვის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენ საელჩოს აქვს რამდენიმე ცხელი ხაზი გახსნილი, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან, არიან ჯგუფები, ბავშვები, რომლებიც სამკურნალოდ იყვნენ ჩასული, მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს, რათა დროულად მოხდეს მათი სხვა ლოკაციაზე გადაყვანა ან საქართველოში დაბრუნება.
ამის კარგი პრეცედენტები უკვე გვაქვს. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირებას, ვართ მათთან კომუნიკაციაში.
მინდა ვთქვა, რომ ფრენებით ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ, მესმის შეიძლება, ერთდროულად ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს ერთ კონკრეტულ ფრენაზე ბილეთის შეძენის შესაძლებლობა, მაგრამ არის ფრენები და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოქალაქეებსა და ავიაკომპანიებს შორის ბარიერები არ იყოს და მოქალაქეებმა შეუფერხებლად შეიძინონ ბილეთები.
ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას საჭიროების შემთხვევაში უზრუნველვყოფთ მოქალაქეებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევებში არიან გამოუვალ მდგომარეობაში. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და დარწმუნებული ვარ, ყველა მოქალაქე, ვისაც საქართველოში დაბრუნება უნდა, შეძლებს და დაბრუნდება საკუთარ სამშობლოში. ძირითადად რაც შემოდის ჩვენი მოქალაქეებიდან კონკრეტულ დღეს სურთ ბილეთის შეძენა, ჩვენ ვეხმარებით მათ კომუნიკაციაში ავიაკომპანიებთან და ახლო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, ამას გავაგრძელებთ და ვეცდებით, თითოეულ მოქალაქეს შევუწყოთ ხელი, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ“, – თქვა ირაკლი დარჩიაშვილმა.