„ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაიწყო სრულიად უსაგნო და უსაფუძვლო სპეკულაცია, განცხადება ამოგლეჯილია კონტექსტიდან“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი წერს.
„კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც ცნობილია, ვაქცინა არის არა ვირუსის შეხვედრისგან თავდაცვის, არამედ მისი გართულების თავიდან აცილების საშუალება და მან პირადი მაგალითიც დაასახელა, რამდენად მარტივად გადაიტანა „ომიკრონი“, ვინაიდან იყო სრულად ვაქცინირებული „ფაიზერის“ ვაქცინით.
მავნებლობა, ცოდნის ნაკლებობა და ანტივაქსერების წახალისება - ვინ როგორ აფასებს პრემიერის განცხადებას ვაქცინებზე
დღეს მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "ომიკრონის" შემთხვევაში, უმეტესად, ვაქცინა არ მუშაობს და ამის მაგალითად საკუთარი თავი დაასახელა.
ეს განცხადება გაკეთებული იყო მწვანე პასპორტების გაუქმების კონტექსტში, ვინაიდან ახალი რეალობის გათვალისწინებით, რამდენადაც ვაქცინა არ არის იმის გარანტი, რომ „ომიკრონი“ არ შეგვხვდება, მწვანე პასპორტების მუშაობა აზრს კარგავს“, – წერს გიორგობიანი „ფეისბუქზე“.
მისივე სიტყვებით, პარალელურად, გრძელდება ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები და სახელმწიფო მაქსიმალურად ახალისებს ვაქცინაციას რისკჯგუფებში, კერძოდ, 50 წელს გადაცილებული ადამიანები აცრისას იღებენ 200 ლარს, ხოლო ე.წ ბუსტერ დოზის შემთხვევაში, დამატებით 100 ლარს.
„ამას გარდა, პრემიერი ორჯერადად არის აცრილი და შეგახსენებთ, რომ მილიონობით დოზა სხვადასხვა ვაქცინა სწორედ მისი პრემიერობის დროს შემოვიდა ქვეყანაში“, – წერს ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ომიკრონის” შემთხვევაში უმეტესად ვაქცინა არ მუშაობს, მისივე თქმით, ის თავადაა ამის მაგალითი.
ამავე თემაზე:
“პრემიერი ანტივაქსერი არ არის” – ჯანდაცვის მინისტრი ღარიბაშვილს იცავს
“ღარიბაშვილს სურს საჯარო კონფლიქტი გამყრელიძესთან, რომ იგი შეცვალოს” – ზურაბ ჭიაბერაშვილი