LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცალკეული ევროპარლამენტარის პოზიცია ევროკავშირის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებას არ გამოხატავს – ოხანაშვილი სააკაშვილის მხარდამჭერ წერილზე

58
ანრი ოხანაშვილი

მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობაზე საუბარი ქართველი ხალხის აბუჩად აგდებაა, – ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი 72 პოლიტიკოსის, მათ შორის ევროპარლამენტარების მიერ ხელმოწერილ ღია წერილს, რომლითაც ისინი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შეჩერებას ითხოვენ.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ეს ცალკეული პოლიტიკოსების თვალსაზრისია და მიმართვა არც ევროკავშირის და არც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებას არ წარმოადგენს:

“ზოგიერთი თუ ცალკეული ევროპარლამენტარის პოზიცია არ გამოხატავს არც ევროკავშირის, არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებას, ეს არ გამოხატავს არც ჩვენი ევროპელი მეგობრების პოზიციას, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა.

70-ზე მეტი პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ

"მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც საქართველო ბოლო წლებში იმყოფება უკიდურესი პოლარიზაციის გამო" - აღნიშნულია მიმართვაში.

ეს ადამიანები თუ საუბრობენ თითქოსდა მსჯავრდებული სააკაშვილის უდანაშაულობაზე, ეს არის ქართველი ხალხის აბუჩად აგდება. ან შეცდომაში არიან შეყვანილი, ან ჩამოვიდნენ და პირადად გაეცნონ ფაქტობრივ გარემოებებს, ცოცხალ მოწმეებს, ადამიანებს ვინც არიან მსხვერპლები, დაზარალებულები და ნახავენ, რასთან გვაქვს საქმე.

ამიტომ, ისეთ განცხადებას და ისეთ პოზიციას ნუ დაიკავებენ, რომელიც მათი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებს მიაყენებს შეურაცხყოფას და ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მსხვერპლი, დაზარალებული მოქალაქეებისთვის შეურაცხყოფა. კეთილი ინებონ და ყველამ პატივი სცეს სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპს”, – აცხადებს ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, 72 პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები, ყოფილი პრეზიდენტები და სხვა პოლიტიკური მოღვაწეები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ერთობლივ ღია წერილს ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს იმ დრომდე, სანამ მას არ ექნება თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა.