პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მევალეთა ერთი ნაწილისთვის დავალიანებების განულების გადაწყვეტილება კანონთან სრულ შესაბამისობაშია. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, “საარჩევნო კოდექსთან“ მიმართებით ყველაფერი წესრიგშია.
ბესელია იმასაც ამბობს, რომ 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის ვალის განულება უპრეცედენტო სოლიდარობის აქტია.
“საარჩევნო კოდექსში“ საუბარია სახელმწიფო საბიუჯეტო სახსებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზუდვაზე. ამ გადაწყვეტილების აღსრულებას საკუთარ თავზე ფონდი “ქართუ“ იღებს. როგორც “ქართუს ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიერ ითქვა, მობილიზებულია 100 მილიონზე მეტი თანხა. კანონთან შესაბამისობის თვალსაზრისით აქ არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ არის. სამართლებრივი პრობლემა უნდა დავინახოთ, როცა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი პირდაპირ საუბრობს ისეთ დაპირებებზე, როგორიცაა ვაუჩერების გაცემა და საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის დაპირება, რაც არის აფიორა და კანონის პირდაპირი დარღვევა. ფონდი “ქართუ“ არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელია და არც სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზეა საუბარი“, – განaცხადა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ ვალების ჩამოწერის შემდეგ, მოქალაქეები სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ თავაიანთ ეკონომიკურ საქმიანობას და მათ ცუდი საკრედიტო ისტორია აღარ ექნებათ.
შავ სიაში მყოფ 600 000 მოქალაქეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდება. მათ ვალდებულებას საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” გადაიხდის. განცხადება ამის შესახებ პრემიერმინისტრმა არჩევნების მეორე ტურამდე 9 დღით ადრე გააკეთა.