LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიის განვითარების ბანკმა მუნიციპალური განვითარების ფონდთან მიმართებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო

122
ბანკი

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიანიჭა უფლება ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტებისათვის ნებისმიერი სახის შესყიდვა საქართველოს კანონმდებლობისა და პროცედურების მიხედვით განახორციელოს.

აღნიშნული უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით ტაბიძეს პირადად გადასცა.

აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორის იუჯინ ჟუკოვის თქმით, ბანკის პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველო პირველი ქვეყანაა და მუნიციპალური განვითარების ფონდი – პირველი უწყება, რომელიც ბანკისგან მიღებული ამ განსაკუთრებული უფლებით ისარგებლებს.

„სერტიფიკატი, რომელიც გადმოგვეცა აღიარებს შესყიდვების ქართულ სისტემას და მუნიციპალური განვითარების ფონდს, როგორც პარტნიორს. მონიჭებული უფლებით ფონდს ექნება შესაძლებლობა აზიის  განვითარების ბანკის დაფინანსებული პროექტებისთვის შესყიდვებისას გამოიყენოს სახელმწიფო შესყიდვის ეროვნული პროცედურები, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს პროექტების განვითარებას მთელი რიგი მიმართულებებით,“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრავალწლიანი თანამშრომლობა აზიის განვითარების ბანკთან მოიცავს როგორც საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს. ბანკის მიერ გადაცემული უფლება ქმნის ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო დიდი მასშტაბითა და უფრო სწრაფად განხორციელების წინაპირობას