72-ე წელია, 10 დეკემბერს საერთაშორისო საზოგადოება ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს აღნიშნავს.
72 წელია, მსოფლიო იბრძვის, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული პრინციპები იყოს დაცული.
10 დეკემბერს მსოფლიო ერთიანდება, რათა ხმა აიმაღლოს სხვების უფლებების დასაცავად.
2020 წელს, ამ დღეს, მსოფლიო განსაკუთრებულად ხვდება – უნივერსალური უფლებების დაცვა, რა თქმა უნდა, პანდემიის ჭრილში განიხილება.
“მაშინ, როდესაც მსოფლიო დგას უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე და ებრძვის პანდემიას, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა” – ასეთია ევროკავშირის მთავარი გზავნილი.
იმავეს აღნიშნავს უმაღლესი კომისარი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელიც:
“სწორედ დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალური და განუყოფელია და მათ დაცვას არასდროს შევწყვეტთ“.
განცხადებაში, რომელსაც „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში“ ავრცელებს, უმაღლესი კომისარი ამბობს, რომ პანდემიამ, ერთი მხრივ, დააახლოვა მსოფლიო და ხელი შეუწყო თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადახვა საკითხში, თუმცა, ამავე დროს, გაამწვავა არსებული გამოწვევები, მათ შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.
ევროკავშირი კვლავ მზად არის, პატივი სცეს, დაიცვას და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების და თავისუფლების აღსრულება.
გამოქვეყნებული ანგარიშში მოიცავს იმ პროექტებს, რომელსაც ევროკავშირი ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით ახორციელებს:
19 ნოემბერს ევროკავშირმა მიიღო ახალი ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ. მასში მთავარი პრიორიტეტებია:
◾ ინდივიდის დაცვა და გაძლიერება;
◾ სტაბილური, ინკლუზიური და დემოკრატიული საზოგადოების შექმნა;
◾ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა;
◾ ხელმისაწვდომობა შესაძლებლობებზე და ახალი ტექნოლოგიებით გამოწვეული პრობლემების მოგვარება;
◾ ჩართულობა და მოწოდება ერთობლივად მუშაობისთვის.
ადამიანის უფლებათა დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის საფუძველია, აღნიშნავს „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში“.
პარალელურად, როგორც ცნობილი ხდება, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამასთან და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან ერთად, იწყებს 3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს.
„კორონავირუსის პანდემია კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას და საფრთხის წინაშე აყენებს მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვას. პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.