“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ ამნისტიას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აღნიშნავს, რომ მსხვერპლისა და ჯალათის ერთმანეთთან გათანაბრება შეუძლებელია.
წიკლაური ამბობს, რომ ვერაფრით გამართლდება ის უმძიმესი დანაშაული, რომელიც 20 ივნისის აქციებზე ჩაიდინეს:
“ჩვენს ხელში არ არის ციხის გასაღები. ხელისუფლება და ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც იმ დღეს პასუხისმგებლობა აიღეს, რა გზებს მიმართავენ, ეს იქნება თავდებობა, რომელსაც არ ვეწინააღმდეგებით, თუ იქნება სხვა გზა, გარდა დამამცირებელი გირაოს გადახდისა, ჩვენთვის არის მისაღები. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ეს პირველი გადაწყვეტილება, ეს არ ცვლის მეორე ნაწილს, საქმის შეწყვეტას და ამნისტიის მიღებას, რომლის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს. ამ ამნისტიის მეორე ნაწილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან ვთვლით, რომ შეუძლებელია გათანაბრდეს მსხვერპლი და მოძალადე, მსხვერპლი და ჯალათი ერთმანეთთან. ვერავითარ შემთხვევაში ჩვენ ვერ “გავაპრავებთ” იმ უმძიმეს დანაშაულს, რომელიც ჩადენილი იქნა იმ დღეს.
როგორ შეიძლება წინააღმდეგი ვიყოთ რაიმე სახის თავდებობაზე, პირიქით მადლიერები ვართ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩათვლის, რომ ეს დანაშაული არ არის. ყველა ასეთი თავდებობა ირიბად და პირდაპირაც მიუთითებს ამ საქმის პოლიტიკურ შინაარსზე. ასეთ შემთხვევაში გირაოს გადახდა დანაშაულია, რაიმე ფორმით აღიარება, ჩვენი მხრიდან არ მოხდება, რადგან ვთვლით, რომ ეს არის უსამართლო პოლიტიკური ბერკეტების გამოყენება ვითომ მართლმსაჯულებისთვის.” – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზე. საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში – ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეებზე, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება.