,,ჩვენ ბევრ სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი გვაქვს და ეს პოტენციალი ურთიერთსარგებლიანობის პრინციპით უნდა ავითვისოთ, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“,-განცხადება თურქეთის ტრასპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
აჰმედ არსლანის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი, რომელიც ევროპას, კავკასიასა და შორეულ აღმოსავლეთს ერთმანეთთან დააკავშირებს.
,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობსადენი და ბოლოს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტები ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული პროექტებია. ტრანსკასპიური გასასვლელების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მისცემს საშუალებას ქართულ პროდუქციას, რომ აღმოსავლეთის ქვეყნების ბაზრებზე გავიდეს”- განაცხადა აჰმედ არსლანმა.
თურქეთის ტრასპორტის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი ქართველ ხალხს წარმატებით მოემსახურება.
,,დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება საკმარისი, რადგან დიდი წარმატებები გელოდებათ წინ და ძალიან სწრაფად ვითარდება საჰაერო სფერო. ახალ გამოწვევებს წარმატებით დახვდებით, ჩვენ კი ყოველთვის თქვენს გვერდში ვიდგებით“,- განაცხადა აჰმედ არსლანმა.