LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადექი და იბრძოლე გია რომ ხარ ბარამიძე, ლოგინს მიჯაჭვული სააკაშვილით გინდა ფონს გახვიდე?.. მაპატიე, რომ არ მჯერა, რომ ამ ადამიანებთან ერთად ჩემს შვილს მოუწევს უკეთეს სახელმწიფოში ცხოვრება“ – მელია

336
BeFunky-collage (2)

„არ ვიქნები იქ, სადაც არის მავნე ძალა, რომელიც ცდილობს, „ქართული ოცნების“ მრუდე, მავნე, სარკისებურ ანარეკლად იქცეს. ამისთვის არ შემოვსულვარ ამ ბრძოლაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა. მელიას თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას ოპტიმალურ დროს მიიღებს.

„მაქვს იმის შესაძლებლობა, უფლებაც და ფუფუნებაც, ვთქვა, რომ მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რაც მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად. 2013 წელს ამ ბრძოლაში როდესაც შემოვედი, სხვა მიზნებით, სხვა ინტერესით შემოვედი და არა ვანო მერაბიშვილის თანამებრძოლეობის გამო. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც ჩათვლის, რომ იმ ადამიანებთან უნდა იყვნენ, რომლებიც სიყალბით, თვალთმაქცობით კადრულობენ იმას, რასაც კადრულობენ და ივანიშვილის წისქვილზე დაასხეს წყალი. როდესაც სიმართლეს ამბობ, ბევრ ადამიანს სტკივა.

ვიდრე აბასთუმანში გამოკეტილი ადამიანი მართავს სახელისუფლებო პარტიას და საზოგადოებისგან იზოლირებული კეზერაშვილ-მერაბიშვილი მართავს „ნაციონალურ მოძრაობას“, ყოველთვის გაიმარჯვებს აბასთუმანში გამოკეტილი ადამიანი.

ვერ ვხედავ ღირებულებით კავშირს ამ ადამიანებთან, ეს არის მიტაცებული პარტია, რომელსაც განიხილავენ ბიზნესპროექტად. არ ვაპირებთ, ვიყოთ იმ ადამიანებთან, ვინც არ ემსახურება ქართველ ხალხს. ხომ საუბრობენ, რომ ნიკა მელია წავა, რატომ ნერვიულობენ, თუ გავნულდებით და თუ არაფერი ჩვენ არ ვართ, რატომ ნერვიულობენ? მიხედონ საქმეს.

ღამის 12:00 საათზე ჩაატარეს ერთხელ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი, როცა იწყებდნენ ამ შიდა გადატრიალებას, მიხეილ სააკაშვილი კვდებაო, მგონი, თქვენც გქონდათ ეთერში ეს ბრიფინგი შეყვანილი. ამ ბატონმა, ხაბეიშვილმა და სხვებმა ღამის 12:00 საათზე ბრიფინგი ჩაატარეს ცენტრალურ ოფისში, აყარეს, გააღვიძეს ოპერატორები, ჟურნალისტები, პროდიუსერები, არიქა, მიხეილ სააკაშვილი კვდებაო, 12:00 საათზე ჩანიშნეს აქცია-ბრიფინგი, რას აკეთებენ დღეს? ესეც სიყალბეა. კი არ ატყუებენ ადამიანებს, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ მაგით.

ალერგიულად ვრეაგირებ სიყალბეზე და ტყუილზე და ამას ვერ ავიტან ოჯახის წევრისგანაც. ჩემი გზა არის სიმართლის და ღირსების გზა და ამ გზას არ გადავუხვევ“, – განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პარტიის დატოვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

„მესმის საზოგადოების ნაწილის ინტერესის, რომ სწრაფად გავაკეთო ეს განცხადება [ენმ-დან წასვლაზე]. ჩვენ შევიკრიბეთ 7 ოქტომბერს, იგივე ტიპის შეხვედრა გვექნება კვირას ქუთაისში, შემდეგ, ზუგდიდში და ეს შეკრებები გაგრძელდება. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა მან.

ამასთან, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ რამდენჯერმე შეხვდა გიგი უგულავას, კომუნიკაცია აქვს კობა ნაყოფიასთან, თუმცა არანაირი ტიპის შეთავაზება არ ყოფილა და ვერც იარსებებს.

ნიკა მელიამ ისაუბრა გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებითაც:

„რომ გამოდის ბარამიძე და საუბრობს პატიმარ ადამიანზე – მიშა, მიშა, ადექი და იბრძოლე იმ მიშასთვის, გია რომ ხარ ბარამიძე, კიდევ ლოგინს მიჯაჭვული სააკაშვილით გინდა ფონს გახვიდე? ვერ მოხდება, რადგან სხვა ხალხია, სხვა დროა, სხვა ინტერესია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ვეღარ ეუფროსები, მათნაირი უნდა გახდე.

მაპატიე, რომ არ მჯერა, რომ ამ ადამიანებთან ერთად ჩემს შვილს მოუწევს უკეთეს სახელმწიფოში ცხოვრება“. – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები