პაატა გულიაშვილის შოუმ „რუსთავი 2“-ის ეთერში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. ახლახან მან მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და შოუს წამყვანად ნიკა არაბიძეც დაპატიჟა. ახლა პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე ერთად უძღვებიან ღამის შოუს, რომელსაც რეიტინგი და ხალხის სიყვარული არ აკლია. პაატას შესრულებულმა სიმღერებმაც კიდევუფრო დიდი პოპულარობა მოუტანა მსახიობს. 20 თებერვალს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და თელავის თეატრიდან წამოვიდა, რასაც ძალიან განიცდის…
პაატა გულიაშვილთან გულწრფელ ინტერვიუს fortuna.ge ექსკლუზიურად გთავაზობთ.
პაატა, ნიკა არაბიძე შემოგიერთდათ შენი შეთავაზების საფუძველზე. როგორ მოგაფიქრდა საკუთარ შოუში სხვა წამყვანის დაპატიჟება. შენი შოუ რეიტინგული იყო, თუმცა ცვლილება მაინც შეიტანე…
მე და ნიკა მეგობრები ვართ და სულ მინდოდა, ერთად რამე გაგვეკეთებინა. ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. ვიცი მისი შესაძლებლობები. ჩავთვალე, რომ შოუს ძალიან წაადგებოდა. გვინდა თუ არა, ამ პატარა ქვეყანაში დიდი კონკურენციაა. მინდოდა რაღაც ახალი, რაც არ იქნებოდა არაფრის მსგავსი, ღამის შოუ ორი წამყვანით არასდროს ყოფილა.
ორი თვითმყოფადი წამყვანით, რომელთაგან ორივეს საკუთარი სტილი და პოპულარობა აქვს…
ისეთ საქმეს ვემსახურები, რაც ბედისწერასთან არის დაკავშირებული. ამაზე დიდი პოპულარობის ზენიტი ყოფილა, მივსულვარ და უთქვამთ, დაიხურა გადაცემა და აღარ გვჭირდებიო. ყოველთვის ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული, არა მხოლოდ ტელევიზიაში, ზოგადად, ამ პროფესიაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს ხელს ვუმართავ და როგორც აღვნიშნე, ჩვენ მეგობრები ვართ…
თუმცა ნიკამ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ძალიან გაუკვირდა შენი შეთავაზება.
სიმართლე გითხრა, მეც გამიკვირდა (იღიმის). „ფუნთუშა“ მდგომარეობიდან საკუთარი თავი გადავიყვანე მყარი შემადგენლობის ნამცხვარზე, რისკი ძალიან მიყვარს, აზარტულ თამაშებს არ ვგულისხმობ, მომწონს ცვლილებები, არ მიყვარს ერთი და იგივე ამბები… რამდენიმე გადაცემა უკვე გავიდა, ახლა ვფიქრობ, რომ რაღაცები არ უნდა შემეცვალა, გადაცემის სტრუქტურას ვგულისხმობ და არა ნიკას ფაქტორს. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა – როგოც ლექსის წერა, კაცმა არ იცის, საიდან მოდის ეს ყველაფერი, თითქოს ვიღაც სხვაც ცხოვრობს შენში. უკვე პროცესში ვართ და ცვლილებები კიდევ შევიტანეთ, რომ სწორ ლიანდაგზე დავდგეთ, რეიტინგის მხრივ არა, ძალიან კარგი რეიტინგი მოვიდა, ხალხის გამოხმაურებებზე ვსაუბრობ. მაგალითად, მიხო და მარო თუ ასე მოეწონებოდათ, არ მეგონა… მქონდა ზოგადად იდეა, გარკვეული თანხებიც კი მოვიძიე, კარგმა ხალხმა მომისმინა, სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება მინდოდა მიხოს და მაროს შესახებ, შემდეგ მათი რესურსი სერიალს მოვახმარე. გაუგონრად გაკვირვებული ვარ მაინც… მგონია, ჩვენი მაყურებელი რაღაცამ დაღალა – პოლიტიკამ, ერთმანეთის ჭამამ. მეც დავიღალე, ენერგია არ მაქვს სხვა რამისთვის, რადგან ვიცი, ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. როდის რა იქნება, კაცმა არ იცის, ამიტომ მინდა, ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩაფიქრებული მაქვს.
ანუ სულ გეჩქარება რაღაცის გაკეთება…
გადაუჭარბებელი იქნება, თუ ვიტყვი, რომ 3 წლიდან სცენაზე ვდგავარ და რაღა დროს ჩემი სიჩქარეა, მაგრამ… ძალიან განვიცდი თელავის თეატრიდან წამოსვლას…
საინტერესოა, რატომ წამოხვედი?
ვერ ვასწრებდი ფიზიკურად. ეტყობა, ასაკის ბრალიც არის, ადრე უფრო მეტი შემართება მქონდა. დაახლოებით ექვსი თვეა, თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან წამოსვლაზე დავფიქრდი.
არ გაგიჭირდა?
ახლაც მიჭირს. 13 წელი ვიყავი ხელმძღვანელად, სულ თითზე შეიძლება ჩამოვთვალოთ ის ადამიანები, ვინც ამდენი ხანი იყო თეატრში ხელმძღვანელ პოსტზე. არჩევანი უნდა გამეკეთებინა, ნახევრად ვერ ვიქნებოდი. გადაღებების მერე ღამე მივდიოდი და ისევ ღამე მოვდიოდი… ფიზიკურად ძალიან გამოვიფიტე.
ეს სატელევიზიო პროექტების დამატებამ გამოიწვია ალბათ?
ერთი-ორი პროექტის შემთხვევაში ვახერხებდი და ვასწრებდი.
როგორ შეხვდა თელავის თეატრი პაატა გულიაშვილის ამ გადაწყვეტილებას?
ცუდად… ალბათ, თეატრის 90% მაინც.
იყო ემოციები?
როგორ არა… მინისტრმა თქვა, ვერ გავიგე, მიდიხარ თუ მოდიხარო (იღიმის). სამხატვრო ხელმძღვანელები ყოველთვის მოდიან რაღაც პრობლემებით, წივილით და კივილით. ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში თეატრიდან არავინ გამიშვია, ასეთ შემთხვევას ვერ ვიხსენებ, შემოქმედებით მხარეს ვგულისხმობ. ვინც დიდი წვლილი შეიტანა თელავის თეატრის განვითარებასა და აქამდე მოსვლაში, მათ ხელში გავიზარდე, არ მომცემდა ჩემი პრინციპები იმის უფლებას, რომ თეატრიდან გამეშვა. ამას გრძნობდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია დამოკიდებულებები, რომლებიც აუცილებლად იგრძნობა. ძალიან განვიცდი წამოსვლას… 20 თებერვალს დავწერე განცხადება… ჯერ ცოტა ხანი გავიდა, შეიძლება ითქვას, გადაბარების პროცესშია. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, სასაცილო ხელფასები იყო, რეპერტუარი არ ჰქონდათ… ახლა ბიუჯეტი მილიონამდეა… გაკეთდა ავტოპარკი. შეიქმნა კაპიტალი თეატრისთვის, დაემსგავსა იმ პერიოდს, როცა ჩემს ბავშვობაში თეატრში რაღაც ქუხდა, ხდებოდა… უამრავ ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა, არც ერთი წელი არ ყოფილა, რომ გასტროლზე არ წავსულიყავით, მაგრამ ტელევიზიამ „შეჭამა“ ჩემი დრო…
როგორც ვიცი, შენ ყველა პროექტში ძირფესვიანად ხარ ჩართული, არა მხოლოდ, როგორც წამყვანი… ეს არის წარმატების ფორმულა?
„რუსთავი 2“-ზე იუმორისტული მიმართულების ხელმძღვანელი ვარ. ტელევიზიის დირექტორის, ვაკო ავალიანის მხრიდან ისეთი ნდობა მაქვს, ვერ ვუღალატებ.
პაატა, საზოგადოებას აინტერესებს შენი ჯანმრთელობის ამბავიც… გქონდა მძიმე დიაგნოზი?
ნამდვილად მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ მძიმე დიაგნოზი არ მქონია, ჯვარი მწერია. დიაგნოზი არ ვიცოდი, განვიცდიდი და ვღელავდი, სანამ თურქეთში ჩავიდოდი. კარგად ვარ, როგორც შეიძლება 45 წლის ადამიანი იყოს ამ გრაფიკში. ბევრი ადამიანი შემხვდა ტირილით. ისე გამიხარდა, რამე რომ დამემართოს, ხალხს გული დასწყდება (იცინის). ერთმა დაწერა, ახლა ნახეთ, ეს თუ მთაწმინდაზე არ დამარხონო. სხვათა შორის, ესეც გამიხარდა (იღიმის). ერთმა ცნობილმა ადამიანმა თქვა, მსახიობს აქვს პერიოდი, როცა რომეოს თამაში უნდა, მეორე – როცა რიჩარდის და ყვარყვარესი და მესამე – როცა იწყებს საუბარს, მე მთაწმინდაზე უნდა დამმარხონო (იცინის).
პაატა, მოდი, შევამსუბუქოთ ჩვენი ინტერვიუ და შენს შესრულებულ სიმღერებზე ვისაუბროთ, რომლებმაც მრავალმილიონიანი ნახვები დააგროვა სოციალურ ქსელში… არც ამას ელოდი?
სხვათა შორის, ძალიან იღბლიანი ტიპი ვარ. შეიძლება, ყველაფერი ისე არ არის, როგორც მე მინდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ გამიმართლა, ისეთ ხალხთან მიმუშვია – რობერტ სტურუა, ლევან წულაძე, ავთო ავრსიმაშვილი, გია ყანჩელი, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ვაჟა აზარაშვილი. არც ერთ კომპოზიტორთან არ მქონია პრობლემა, რომ მათი სიმღერა შემესრულებინა. მე რისი მომღერალი ვარ? ჩემთვის ვმღერი. პირველად როცა ვიმღერე, ლაშა ღლონტმა და დათო არჩვაძემ გიტარაზე ჩემი შესრულება მოისმინეს, ძალიან მოეწონათ, ინსტიტუტში სწავლისას დავწერე სიმღერა, „ოცნების ბაღი“, ძალიან პოპულარული გახდა… ნოტებიც კი არ ვიცი… ისიც ბედისწერაა, შემთხვევით შევხვდი ოთარ რამიშვილს და ავთო შარვაძეს და მათი ყურებით ვისწავლე გიტარის დაკვრა, რაღაცებს ჩემებურად ვუკრავ… ჩემს სიმღერებს მანამდეც ჰქონდა 8-10 მილიონი ნახვა, სანამ ჩემი შოუ მექნებოდა. ჩემთვის მთავარია, მომწონდეს ის, რასაც ვასრულებ.
ანუ გულწრფელობაა მთავარი?
სიმღერაშიც და იუმორშიც. როცა შეილოკი ვითამაშე, ღორის ხორცს არ ვჭამდი. მერე საერთოდ გავანებე თავი და ჯანმრთელობის პრობლემები რომ მქონდა, ექიმმა მითხრა, თქვენთვის ღორის ხორცი არ შეიძლებაო, გაუკვირდა, როცა ვუთხარი, რომ ისედაც არ ვჭამდი… შეილოკისთვის ავიღე აკაკი ხორავას სახელობის უმაღლესი პრემია…
ალბათ, შენთვის ასეთი ტიპის აღიარება, როგორც მსახიობისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია…
მთავარია, შენ რა შექმენი და რა არის ამის უკან. თუ ფიქრობ, რომ რობერტ სტურუა არის შენი საქმის გენერალი და მისი და გიორგი შალუტაშვილის დადგმაში როლი მოგცეს მათ, ვინც ეს საქმე გასწავლა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია… ეს შექსპირის ურთულესი პიესაა და შეილოკის როლს ერიდებიან… ალ პაჩინომ ითამაშა კინოში, ჩვენს რეალობაში გოგი ქავთარაძეს აქვს შესრულებული, თუ არ ვცდები, სოხუმში, მერაბ ნინიძეს სარდაფში, ჭოლასთან და შემდეგ გორშიც ითამაშეს. ჩვენს სფეროში „ვენეციელ ვაჭარს“ თუ ითამაშებ, ჩემზე არა მაქვს საუბარი, მანამდე დიდი გზა უნდა გქონდეს გავლილი. რა თქმა უნდა, დაფასება კარგია. იმდენად შევაჩვიე თეატრალური სამყარო ჩემს კომედიურ და იუმორისტულ მიმართულებას… თუმცა მქონდა ტრაგიკომიკური როლებიც… მაყურებელი შოკში ჩავარდა, როცა შეილოკი ვითამაშე – ეს კაცი ტელევიზიიდან ულვაშით საღამოობით რაღაცას „გვეჯღანავება“ და უცებ ამხელა ტრაგედიას თამაშობს, კაცის, რომლის წინააღმდეგ მთელი ქვეყანაა, შვილიც კი…
თუმცა, შენ ხომ არ გიკვირს შენი თავის და შესაძლებლობების?
როგორ არა? ბევრჯერ გამკვირვებია ჩემი თავის, ან როგორ ვერ ვაკეთებ, ან რანაირად შევძელი და გავაკეთე… ტელევიზიას აკმაყოფილებს ის შესაძლებლობები, რაც გაქვს ზედაპირზე. რაღაცებს, რა თქმა უნდა, ვინახავ (იღიმის). დოზირებულად უნდა მიაწოდო მაყურებელს და რაღაც დაიტოვო შენთვის, რომ საჭირო დროს გამოაჩინო.
ბევრჯერ ახსენე სიტყვა გამართლება, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ ნიჭიერებისა და შრომის გარეშე მხოლოდ გამართლებით დიდხნიანი პოპულარობა ვერ მოდის… ახლა რა ფაზა გაქვს ცხოვრებაში?
უცნაურში (იღიმის). ჯერ იყო თელავის ტელევიზია, მერე „მზე“, „პირველი არხი“, „იბერია“, „იმედი“ – „რუსთავი 2“-ში ამ გუნდთან მოხვედრა ძალიან დიდი რამ იყო ჩემთვის. ამ ტელევიზიას თავისი ძალიან ღირსეული ისტორია აქვს. უცნაურია, როცა შენ აკეთებ აქ რაღაცას. ხანდახან მიკვირს ხოლმე, როცა ადამიანები მოდიან და დახმარებას მთხოვენ. ვაკო დავღალე, შემაქვს პროექტები, რაც სხვებს მოაქვთ. გაჭირვება კარგად ვიცი რა არის. არ ვარ ის ადამიანი, ვინც ვინმეს დაბლოკავს. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ აქ რაღაცას „ვუფროსობ“. ამაზე მართლა ვნერვიულობ. თუ ვინმეს რამე პროექტი მოაქვს, აუცილებლად ვაჩვენებ ხელმძღვანელობას, თუმცა რაღაცნაირი იმიჯი მაქვს შექმნილი. ამას წინათ გავიგე, ერთს უთქვამს ჩემზე, ეს საძმაკაცოშიც ასეთიაო, რომ შემოდის, კედელზე ვართ აკრულები, ჯმუხი და უკარებააო… გამიკვირდა და ცოტა გული დამწყდა… მგონია, რომ ჩემს გუნდთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს…
გინდა, რომ სხვანაირი დაგინახონ?
რაღა დროს ესაა, ამაზე ფიქრის დრო არაა, უბრალოდ, ამ ინტერვიუს დროს დავფიქრდი და შენ გესაუბრები… შესაძლოა, ადამიანებს ჰგონიათ, რომ სულ ამ მუსიკას ვუსმენ, რასაც ვასრულებ, სულ ტაშფანდური მაქვს სახლში და ღვინოს ვეტანები… იცით, რომ საქართველოში დუდუკის გამკეთებელი აღარ არსებობს, ეს საკრავი პირდაპირ უკავშირდება თბილისს. გიორგი შოშიტაშვილთან ბავშვებმა დაიწყეს სიარული, რომ დუდუკზე დაკვრა შეისწავლონ… მეამაყება, რომ მომივიდა აზრად, ქსოვრელები ჩემს გადაცემაში ყოფილიყვნენ. ახლა ლიზი დარასელია დავიმატეთ, რომელიც კარგია თავის სფეროში, მაგრამ ჩვენს გუნდში უნდა შემოვიდეს და ერთად საინტერესო რაღაცები უნდა გავაკეთოთ. სწორედ ახლა გვაქვს მოსინჯვის ეტაპი. მაყურებელი თანდათან ნახავს ჩვენს გადაცემაში, რა ჩანაფიქრები გვაქვს… ახლანდელი პერიოდი არის შრომის პერიოდი და ძალიან მაგარია… პოპულარობა არ მაწუხებს და მიკვირს, ვინმეს თუ აწუხებს. საზღვარგარეთ რომ ვარ და მერე უკან ვბრუნდები, ხალხი მხვდება და სიყვარულს გამოხატავს, ეს ძალიან მახარებს… ეს რომ არ იყოს, როგორც შემოქმედი, მოვკვდები, მავსებს და ძალიან კარგია… არასდროს გავხვეულვარ ყვითელი პრესის თემებში – ქალები ცოლები… სულ ჩემი საქმით ვარ პოპულარული და ესეც მომწონს. ჩემი მეგობრები, ვინც მიყვარს, ჩემთან ერთად არიან და თამამად, მიზანდასახულად ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. რაც მთავარია, არხიც კმაყოფილია – ქმნი ისეთ პროდუქტს, რითაც სამაგალითო ხდები… ეს თუ დაინგრა, რა თქმა უნდა, არ მომეწონება. ამას ზენიტს არ დავარქმევ, რადგან ყველაფერი წინ არის. სარეჟისოროს ვამთავრებ და სპექტაკლი უნდა დავდგა… წარმოიდგინეთ, ჩემი შვილიც სტუდენტია და მეც სტუდენტი ვარ… სადიპლომო სპექტაკლში რაღაცებს მოვსინჯავ, რადგან საზღვარგარეთ თეატრებიდან მქონდა შემოთავაზებები. დიპლომი არ მქონდა და ახლა მექნება… ბედისწერა თუ დამეხმარება, აქაც მოვსინჯავ ძალებს…
ინტერვიუ: ნინო მურღულია