„ვფიქრობ, შეიძლება საკმაოდ საინტერესო ალიანსი შედგეს და რაღაცნაირად, მათმა გაერთიანებამ სინერგია შექმნას – ნიკა მელიას ხალხთან დიალოგის უნარები აქვს და ხალხი ამ დიალოგს მოწყურებულია – „ლელოს“ უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი აქვს. ქართული პოლიტიკის ამ ორ ელემენტს შეუძლია ერთმანეთი შეავსოს“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ქართულ პოლიტიკაში მატერიალური რესურსები, „საკმაოდ პრობლემატურია“, რისი შესაძლებლობაც „ლელოს“ გააჩნია.
ნიკა მელია: დამოუკიდებლად ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას
„ძალიან ბევრი პარტია ერთად რომ ავიღოთ, არ აქვს ის მხარდაჭერა, რომელიც ჯერ არ შექმნილ პარტიას აქვს"
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნიკა მელიას გარკვეული თვისებები აქვს, რაც ჩვენი პოლიტიკური ველიდან საკმაოდ იშვიათია. შეიძლება ითქვას, რომ დეფიციტურია.
მას ხალხთან დიალოგის უნარები აქვს და ხალხი ამ დიალოგს მოწყურებულია. მას შეუძლია, სერიოზული პოლიტიკური დინამიკა შექმნას, რაც „ლელოსთვის“იმ სისუსტის შევსების რეცეპტი იქნება, რაც მას აქვს.
ქართული პოლიტიკის ამ ორ ელემენტს, შეუძლიათ, რომ ერთმანეთი შეავსონ. არა ხელი შეუშალონ ერთმანეთს და რაღაცნაირად დუბლირება მოხდეს, არამედ, გააწონასწორონ და ჰარმონიული ორგანიზმი შექმნან. ვფიქრობ, რომ ამის პერსპექტივა არსებობს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
როგორც მანვე აღნიშნა, „ლელოს“ ძალიან სერიოზული რესურსები აქვს, რომლის კაპიტალიზაცია უნდა მოხდეს. ხუხაშვილის თქმით, აქ მხოლოდ მატერიალური რესურსები არ იგულისხმება, რაც ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ პრობლემატურია, „ლელოს“ კი ეს რესურსი აქვს.
„გარდა ამისა, მას აქვს უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი. თუ გადახედავთ, ვინ არის ამ პარტიაში, დავინახავთ, რომ იქ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ინტელექტუალური კაპიტალია დაგროვილი. უბრალოდ, ამას ახლა რეალურ პოლიტიკაში კონვერტაცია და ხალხამდე მიტანა სჭირდება. ზუსტად, აი აქ დაეხმარება მელია [„ლელოს“] სერიოზულად“, –განაცხადა ხუხაშვილმა.
გარდა ამისა, პოლიტოლოგის თქმით, ამ ორ პოლიტიკურ ფიგურას პარტნიორობის გამოცდილება აქვთ, რაც კარგია და ქართული პოლიტიკისთვის „იშვიათი“.
„ვფიქრობ, რომ შეიძლება, საკმაოდ საინტერესო ალიანსი შედგეს და რაღაცნაირად, სინერგია შექმნას მათმა გაერთიანებამ, მით უმეტეს, მათ პარტნიორობის გამოცდილება აქვთ. გვახსოვს ადგილობრივ მერის არჩევნებზე, როგორ დაკომპლექტდა, ფაქტობრივად, ქალაქის ჩრდილოვანი კაბინეტი.
მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო ნიკა მელია, არ ჰქონია პრეტენზია რაღაც დომინირებაზე, რა პრეტენზიაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მუდმივად აქვს. ეს კარგი გამოცდილებაა, სხვათა შორის, ძალიან იშვიათი ქართულ პოლიტიკაში.
ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ალიანსი შეიძლება გამოვიდეს, მით უმეტეს, რომ ნიკა მელია, ფაქტობრივად, დისტანცირდა იმ ნეგატივისგან, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის დამახასიათებელი.
ასეთი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირების პროცესში, მან შეიძლება, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, თუმცა ნუ გავასწრებთ მოვლენებს. ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ განაცხადი, კეთილი სურვილები.
ფაქტია, რომ დღეს ჩვენ გვყავს ამომრჩევლები საკმაოდ დიდი რაოდენობით, რომელსაც არ აქვს არჩევანი არსებული პოლიტიკურ კონიექტურაში, სადაც „ნაც-ქოცური“ სიმბიოზი დომინირებს.
ეს ამომრჩეველი არჩევანს ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრზე გააკეთებს, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ვიღაცა მოსწონს თუ არ მოსწონს, არამედ ძალის დემონსტრირებაც უნდა ხდებოდეს. ამ ტიპის გაერთიანებებს, ასე რომ ვთქვათ, რაღაც ძალის სიმპტომები გაუჩნდება, რაც ამომრჩევლისთვის მისაღებია“. – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გია ხუხაშვილმა.