საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის − რკინიგზის მოდერნიზაციის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და საქართველოს აეროპორტების განვითარების პროექტები.
ანაკლიის პროექტზე საუბრისას აღინიშნა, რომ საზღვაო სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყება. ამავე წელს გამოვლინდება კერძო პარტნიორი, რომელთანაც კონცესიის ხელშეკრულება გაფორმდება. 2024 წელს დაიწყება ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობაც. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი.
რაც შეეხება საქართველოს აეროპორტების განვითარების პროექტს, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება. საკითხზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ახალ აეროპორტს ექნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ფუნქცია მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით, რათა შესაძლებელი იყოს ნებისმიერი ზომისა და ტიპის როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღება და მომსახურება.
საუბარი შეეხო თელავში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობასაც, რომელიც წელიწადში 50 000-მდე მგზავრს მოემსახურება. გეგმაზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ სრულიად განახლდება და 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა, ასევე, მთლიანად განახლდება აეროპორტის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ახალი საპარკინგე ადგილები და მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თელავის აეროპორტი პირველ მგზავრებს 2024 წელს უმასპინძლებს. პირველადი შეფასებით მისი განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია 25 მილიონ ლარს შეადგენს.
ყურადღება დაეთმო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილ ღონისძიებებსაც და ხაზი გაესვა, რომ აშენდება 3.5 კმ სიგრძის ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც შეძლებს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდის მომსახურებას, შექმნის მეტი ავიარეისის მიღების შესაძლებლობას, ამავდროულად, უზრუნველყოფს სატვირთო საჰაერო ხომალდების ოპერირებას შეზღუდვების გარეშე. პროექტზე მუშაობა 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც უმოკლეს ვადაში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
მთავრობის წევრებმა ასევე იმსჯელეს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე. 2024 წელს დასრულდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება და ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემის დანერგვა, რაც გაზრდის დარგის ეფექტურობას, შეამცირებს ტრანსპორტირების დროს და ხარჯებს, ხოლო რკინიგზის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონას მიაღწევს.