LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის მხარდაჭერით, სათემო ლიდერთა ფორუმი 2023 ტარდება

128
BeFunky-collage

16-17 ნოემბერს, კახეთში, რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში, სათემო ლიდერთა ფორუმი 2023 იმართება.

ღონისძიება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) თემის განვითარების პროგრამის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ასევე მხარს უჭერს, ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ნორვეგია და ბირმინგემის უნივერსიტეტი.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ თემის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე, სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სათემო ლიდერთა წლევანდელი ფორუმი მრავალფეროვანი პროგრამითაა წარმოდგენილი. სტუმრები გაეცნობიან სხვადასხვა საინტერესო სათემო ორგანიზაციასა და მათ პროექტებს, ჩაერთვებიან არაერთ პანელურ დისკუსიაში და მონაწილეობას მიიღებენ 2021-2022 წლების საუკეთესო სათემო ინიციატივის დაჯილდოებაში.

„თემის გაძლიერება დამატებით შესაძლებლობებს ქმნის მოსახლეობისთვის გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი, მოახდინონ ცოდნისა და გამოცდილების ეფექტიანი რეალიზება და წარმოადგინონ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზები.

აღნიშნული ფორუმით ხელს ვუწყობთ სათემო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და აქტიურ მოქალაქეებს ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარი მიღწევების შესახებ, გაუზიარონ ერთმანეთსა და ფართო საზოგადოებას არაჩვეულებრივი ინიციატივები, გაიცნონ პოტენციური პარტნიორები და მიიღონ ინფორმაცია მათთვის აქტუალურ საკითხებზე.“ – აცხადებს CSRDG-ის აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი ეკა ურუშაძე.

წელს, პანელური დისკუსიის დროს განიხილება შემდეგი თემები: თვითმმართველობასთან თანამშრომლობა (საუკეთესო პრაქტიკები და გამოწვევები), ტურიზმი სოფლად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, თემის ისტორიული მეხსიერება და კულტურული მემკვიდრეობა. თითოეულ პანელს ჰყავს მასპინძელი და რამდენიმე სპიკერი, რომლებიც დამსწრე საზოგადოებასთან ინტერაქციულ, საინტერესო დისკუსიებს გამართავენ.

„სათემო ლიდერთა ფორუმი“ გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც CSRDG-ის ორგანიზებით, 2015 წლიდან რეგულარულად ტარდება.

ფორუმის მიზანია, სათემო ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, სათემო ორგანიზაციების პოპულარიზაცია, თემთა შორის კონტაქტების გაღრმავება და რეგიონებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიების თემატიკა ყოველწლიურად იცვლება სათემო ორგანიზაციების არსებული მოთხოვნების, საჭიროებებისა და სურვილების შესაბამისად.

სათემო ლიდერთა ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.cdrc.ge

ფორუმის ორგანიზატორი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 1995 წელს შეიქმნა და სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა თემის განვითარების პროგრამა, რომლის მიზანია, ადგილობრივი ლიდერების საინიციატივო ჯგუფების შექმნა/გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ადგილობრივ დონეზე არსებული პოტენციალის უკეთ რეალიზება, თემის განვითარებაში ქალების ჩართულობის გაზრდა და მათი სამოქალაქო ლიდერებად ჩამოყალიბება.