„პრემიერს არაფერი დასამალი არ აქვს. ყველაფერი არის სუფთად, განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც სპეკულირებს ამ თემით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომლის თანახმად, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი კეთილდღეობისთვის საბიუჯეტო მილიონებს ხარჯავდა და წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს იყო ლეგიტიმური და ახლა, იგივე ადამიანები კანონიერ ხარჯებზე სვამენ კითხვებს.
ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 000 ევრო პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა
„საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან“ - ამბობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი.
„კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლები და ხარჯები სრულად აისახება პრემიერის დეკლარაციაში. შესაბამისად, ყველაფერი იქნება საჯარო. სრული ინფორმაცია ისედაც გაუზიარა შესაბამისმა სამსახურებმა საზოგადოებას. ყველაფერი არის სათანადოდ, კანონის შესაბამისად გაკეთებული. „ნაცმოძრაობის“ ბელადი მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტის ხარჯზე იწყობდა საკუთარ კეთილდღეობას. მილიონობით სახსრები აქვს დახარჯული. აქ არ არის დარღვევა.
საკუთარი კეთილდღეობისთვის ის ხარჯავდა საბიუჯეტო მილიონებს. წლების განმავლობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს იყო ლეგიტიმური და „პიჯაკების საქმეს“ ეძახდა ამ საქმეს. რა შუაშია პიჯაკები, კაცმა საკუთარი კეთილდღეობისთვის დახარჯა საბიუჯეტო ხარჯები. ახლა იგივე ადამიანები კანონიერ ხარჯებზე სვამენ კითხვებს. პრემიერს არაფერი დასამალი არ აქვს, ყველაფერი არის სუფთად, განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც სპეკულირებს ამ თემით“, – განაცხადა კობახიძემ.