თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ხიდებში საფეხმავლო საფარი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, სამგზავრო ხიდებში არსებული ხალიჩები სრულად გამოიცვალა, რაშიც „ტავ ჯორჯიამ“ 60 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„უახლოეს პერიოდში დაიწყება ტერმინალის შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც მგზავრთნაკადის გამტარობის გაზრდას და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რიგების შემცირებას ისახავს მიზნად.
„ტავ ჯორჯია“, მგზავრებისთვის მეტი კომფორტის შექმნისა და საჰაერო ხომალდების მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს. დაგეგმილ შიდა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ტექნიკის განახლებაში მიმდინარე წელს კომპანია 24 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.