ევროკომისიამ ევროპარლამენტთან და ევროკავშირის საბჭოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის სრულყოფისთვის კონსულტაციები დაიწყო.
ევროკომისიის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კონსულტაციები განიხილავს ევროკავშირის უვიზო რეჟიმის ფუნქციონირებას და განსაზღვრავს მთავარ გამოწვევებს არალეგალური მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში.
ევროკომისიის ცნობით, სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი გაწერილია ევროკავშირის სავიზო რეგლამენტის მერვე მუხლში და ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის მოქმედების შეჩერებას არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკების უეცარი და არსებითი ზრდის შემთხვევაში.
ამავე ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 20 მარტის წერილში ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „კომისია გააძლიერებს სავიზო პოლიტიკის ზედამხედველობას და წარადგენს ყოვლისმომცველ ანგარიშს, რომელიც გზას გაუხსნის საკანონმდებლო წინადადებას ვიზების შეჩერების მექანიზმის შესწორების შესახებ“.
ევროკომისია აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრებისა და მესამე ქვეყნებისთვის, თუმცა, გასულმა წლებმა აჩვენა, რომ უვიზო რეჟიმმა შესაძლოა, გამოიწვიოს მიგრაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, ხოლო ქვეყანა, რომელიც უვიზო რეჟიმით სარგებლობს, იქცეს სატრანზიტო გზად, ევროკავშირში არალეგალურად მოსახვედრად.
მაგალითისთვის მოყვანილია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ, თუმცა, მათ ტერიტორიას არალეგალური მიგრაციისთვის იყენებენ მოქალაქეები იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი მოქმედებს.
რას ნიშნავს გაძლიერებული ზედამხედველობისა და ვიზების შეჩერების მექანიზმი
- როგორც ევროკომისია აცხადებს, ამ გამოწვევების გადასაჭრელად და რისკების ეფექტურად თავიდან ასაცილებლად, ხელახლა უნდა შეფასდეს და გაუმჯობესდეს არსებული წესები მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ფუნქციონირების მონიტორინგთან და სავიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.
წესების მომავალი გადახედვა შესაძლოა მოიცავდეს:
- შეჩერების საფუძველს ახალი რისკების მოსაგვარებლად;
- მექანიზმის ამოქმედებისთვის ზღურბლების ადაპტაციას;
- შეჩერების უფრო ეფექტური და მოქნილ პროცედურებს;
- მონიტორინგისა და ანგარიშგების დებულებების გაძლიერებას.
ევროკომისია ევროპარლამენტთან და ევროკავშირის საბჭოსთან განხილვების საფუძველზე მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას 2023 წლის შემოდგომაზე წარადგენს.
ცნობისთვის, ევროკავშირს უვიზო რეჟიმი 61 ქვეყანასთან აქვს და მათ შორისაა საქართველო.