მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს. აღინიშნა, რომ მოცემული სფერო, უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე, პარაპლანით ფრენების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობაა, დროებითი წესის საფუძველზე.
ადმინისტრაციის ცნობით, წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“.
„ფედერაცია ხდება გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, ვინაიდან ამ წესების მიღების შემდეგ, ვერც ერთი ინდმეწარმე, იურიდიული პირი ვერ განახორციელებს ფრენას, თუ პილოტი არ არის პროფესიონალი და არ აქვს ჩაბარებული გამოცდა. ასევე, ახალი რეგულაციის მიხედვით, თავად აპარატურა უნდა იყოს გამართული. ეს თითქოს ელემენტრულია, მაგრამ აქამდე ეს გაწერილი არ იყო და ვალდებულება არ არსებობდა“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ.
„პროექტი განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს, პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას, ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს, ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე, წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა.
წესი არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს. წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე განისაზღვრება გარკვეული მოთხოვნები“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომაზე დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს.