LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები“ – ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

114
ალიევი

ჩვენი მთავარი ამოცანა არის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, უფრო მეტი პროექტების განხორციელება და გვჯერა, ჩვენ ასეთი თბილი მეგობრობით, ძმობით ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ის საკითხები გააჟღერა, რაზეც ილჰამ ალიევთან შეხვედრისას ისაუბრა.

„ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია ის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რომელიც უკვე განხორციელდა და უკვე წარმატებით მუშაობს. მოგეხსენებათ, საქართველო არის ძალიან სანდო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანა. როგორც ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის ვმუშაობთ, არ ვჩერდებით. ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, როგორიცაა მაგალითად, შავი ზღვის ელექტროკაბელი იმისთვის, რომ განვავითაროთ ე.წ. მწვანე კორიდორი. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს დიდი პოტენციალი, რომ ევროპას მწვანე განახლებადი ენერგია მიაწოდოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პერსპექტიული, ეს არის მომავალი და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ორივე ქვეყანამ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ.

ჩვენ ასევე, საუბარი, ბუნებრივია, რეგიონში არსებულ ვითარებაზე გვქონდა. ასევე რთულ ვითარებაზე ვისაუბრეთ, რომელიც არის უკრაინაში ომის გამო. ეს ბუნებრივია, ზრდის რისკებს ქვეყნებისთვის. ასეთ გამოწვევა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არ ყოფილა. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველი მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს ჩვენ ხალხებს და ამ ნაწილში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს. ჩვენ გვინდა მეტი პროექტი განვახორციელოთ, რაც მეტად გააძლიერებს და დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ერებს.

მე ასევე, მინდა ვთქვა ე.წ. შუა დერეფნის განვითარების შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად ამ მიმართულებით. ჩვენი სურვილი არის, რომ უახლოეს მომავალში ყველა ბარიერი მოიხსნას. ერთობლივად უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა. იქნება ეს პორტები, რკინიგზა. იცით, რომ ჩვენ წელს ანაკლიის პოსტის მშენებლობას ვაპირებთ. ასევე ჩვენ დაახლოებით, ერთ წელში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და გაზრდის ტვირთბრუნვას ჩვენი რეგიონის მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა მრავალ ასპექტს მოიცავს და ამ თვალსაზრისით, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„6 თვის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან, საქართველოში, თქვენი სტუმარი ვიყავი და თქვენ დღეს მსტუმრობთ. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა და საოცარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნახვის საშუალება გვეძლევა როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. ეს აძლიერებს ჩვენს მეგობრობას. საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალ წაადგეს. ჩვენ საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, საქართველო და აზერბაიჯანი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო ყოველდღიურად იზრდება. ეს მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ამ მიმართულებით გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად, ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა 24.5 მლრდ ტონა მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს, ეს მაჩვენებელი იზრდება. ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან გასულ წელს, 2027 წლისთვის ჩვენ მივაწოდებთ ევროპას 20 მლრდ-ზე მეტ კუბურ ბუნებრივ აირს. ეს არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი და იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ. არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის როლი ამ მიმართულებით. მრავალი წელია აზერბაიჯანის კომპანია „სოკარი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და 11 ათასი მეტრის მილსადენი გააჩნია ოპერირებაში, მოცული ჰყავს 800 ათასი მომხმარებელი. ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ენერგომიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიულ პროექტს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს და პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.

“ასევე, განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებული ინტენსიური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს დაუდასტურა მზადყოფნა, საქართველომ კვლავაც შეიტანოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.