ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ შალვა რამიშვილის მიმართ კამპანია საეჭვოდ დაემთხვა დროში „პოსტივის“ რეიტინგის ზრდას. მდინარაძის თქმით, „პოსტივიმ“ რეიტინგით გაუსწრო „მთავარ არხს“.
მამუკა მდინარაძეს მიაჩნია, რომ შალვა რამიშვილის მიმართ ისტერიული კამპანიაა.
„სექსუალური შევიწროება- სისხლის სამართლის კოდექსში ასეთი მუხლი საერთოდ არ წერია, არ არსებობს. ძალადობა არსებობს, რომელსაც დამტკიცება სჭირდება. რამდენიმე წამით დავუთმოთ დრო ფაქტებს და არა შეფასებებს. თუ არ ვცდები, ორი თვეა, „პოსტივის“ კონკრეტული რეიტინგები იმდენად მაღალია, რომ მან გაუსწრო ნაცმედიის ყველაზე პოპულარულ არხს, „მთავარ არხს“. ფაქტებია, რომ „პოსტივიმ“ გაუსწრო „მთავარ არხსაც“ კი და ამის შემდეგ დაიწყო კამპანია „პოსტივის“ და შალვა რამიშვილის წინააღმდეგ. საიდუმლო შეხვედრას მართავდნენ „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი და ამ კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რისი მხილებაც მოხდა. ამის შემდეგ გაგრძელდა ეს ისტერია. შემდეგ მოვისმინეთ ამაზრზენი საუბრები, ძალიან ცუდი მოსასმენი, ძალიან ცუდი შინაარსის საუბრები, მაგრამ ამ შინაარსსაც თავისი შეფასება, განსჯა სჭირდება. აქ ვერ გავასამართლებთ და ლინჩის წესით გასამართლების მომხრე დარწმუნებული ვარ, არც თქვენ ბრძანდებით. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ თქვენი კოლეგის, „პოსტივის“ ჟურნალისტის მიმართ თავში ჩარტყმა და ფიზიკური ზემოქმედება მასზე, რაზეც არავინ არაფერს ამბობს. შემდეგ ვნახეთ „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა. ესენი იყო ფაქტები და თუ ამ ფაქტებზე სწორ დასკვნებს გავაკეთებთ, აუცილებლად საქმე გვექნება ორმაგ სტანდარტთან.
მიმაჩნია, შალვა რამიშვილის მიმართ არის ისტერიული კამპანია. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება წარსულში მის ნალაპარაკებს არ ამართლებდეს, ის ადამიანი თავადაც ამბობს, რომ ამისთვის თითოეულ ფრაზაზე პასუხს აგებს, რა ფორმითაც არის კანონით გათვალისწინებული. ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ სულ მცირე საეჭვოდ დაემთხვა დროში „პოსტივის“ რეიტინგის ზრდას და „მთავარ არხზე“ გადასწრებას. მე ასეთი დამთხვევების არ მჯერა. ვიღაც შეიძლება გულწრფელი იყოს და დღეს გაბედა რომელიმე ქალმა, რომ რაღაც ჩანაწერი გამოაგდო, ვიღაც კი შეკვეთით და ამ შეკვეთის ავტორს ხვდებოდა ორგანიზატორი. ესეც ხომ ფაქტია, ეს ხომ ჩემი მოგონილი არ არის. ამის ფონზე, ერთი მხრივ, ვისმენთ ძალიან ცუდი შინაარსის ჩანაწერებს, მეორე მხრივ, დროში დამთხვეულ კამპანიას „პოსტივის“ და შალვა რამიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.