საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრემიერ-მინისტრს, მის სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს შეხვდა. ალ-იამამის სასახლეში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა მიმოიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის და დიდი პოტენციალის მქონე სატრანსპორტო დერეფნის, გაზრდილ როლსა და მნიშვნელობას. საუდის არაბეთის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ უფრო აქტიურად იქნეს ათვისებული საქართველოს პოტენციალი.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და მისასალმებელია, რომ საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საინვესტიციო მიმართულებები.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო საუდის არაბეთისთვის მიმზიდველი ქვეყანაა როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების, ისე კერძო ბიზნესის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოდან უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში.
საქართველოს მთავრობის მეთაურის პატივსაცემად, ალ-იამამის სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.
პრემიერთან ერთად საუდის არაბეთში საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფება.
„დღეს ნამდვილად ისტორიული ვიზიტია საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუდის არაბეთის სამეფოში. ჩვენი მთავარი მიზანი იყო და ამ ვიზიტის მთავარი შედეგი არის ჩვენი კიდევ უფრო გაძლიერებული და გაღრმავებული ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ყურის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მოწმობს ამას“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, შეხვედრების ფარგლებში განისაზღვრა ყველა ის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესშია. ამასთან,ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ვიზიტს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დატვირთვა.
„ორმხრივი შეხვედრის დროს ტახტის მემკვიდრესთან, პრემიერ-მინისტრთან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან შინაარსიანი განხილვა. ჩვენ ამ შეხვედრების ფარგლებში შევეცადეთ, განგვესაზღვრა ყველა ის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც არის ინტერესი ორივე ქვეყნის და ჩვენ ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ აქტიურ მუშაობას.
ჩვენ შესაბამისმა სამინისტროებმა მივიღეთ დავალება, რომ აქტიურად გავაგრძელოთ კოორდინაცია, იმ შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რომელიც ორ ქვეყანას აქვს სხვადასხვა სფეროში, ეს იქნება ტურიზმი, ენერგეტიკის სექტორი, თუ სხვა და ამ მიმართულებით როგორც ეკონომიკის სამინისტროები, ჩვენ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩავერთვებით პროცესში და შევუწყობთ ხელს მჭიდრო კოორდინაციას იმისთვის, რომ ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც განსაზღვრა ორმა ლიდერმა, ძალიან დროულად მოხდეს მათი რეალიზაცია და ძალიან დროულად იგრძნოს ორმა ქვეყანამ ამ თანამშრომლობის შედეგები,“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.