LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 3%-ით გაიზარდა.. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა“ – აზერბაიჯანის პრემიერი ქართველ კოლეგას პირისპირ შეხვდა

150
1

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, მეგობრობა, ჩვენი ურთიერთობა უნიკალურია, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთო მიზანი სტაბილური რეგიონის ხილვაა, რომელიც მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის საფუძველია.

„ჩვენი ურთიერთობა არის მართლაც, უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში. გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები. ჩვენ მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენს შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზედაც დღესაც გვექნება საუბარი. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მე მქონდა პატივი, რომ შარშან მონაწილეობა მიმეღო აღნიშნული კომისიის ფარგლებში ბაქოში გამართულ სხდომაში.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებს, ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და სრული მეგობრობა. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით, ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო და გთხოვთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ასადოვმა ამის დასტურად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის მაჩვენებელი მოიყვანა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. საქართველო აზერბაიჯანისთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 3%-ით.

რა თქმა უნდა, პანდემიისა და გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, ეს ზრდა აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს და ჩვენ ამ ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებას შევძლებთ.

მჯერა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია ჩვენს ეკონომიკურ და დინამიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ასადოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები