„როდესაც ორ დღეში დაორგანიზებულ აქციაზე 100 000-ზე მეტი მოქალაქე, მხოლოდ თბილისის მოქალაქეების 10% თავისი ნებით მოდის, ხელისუფლებამ დასკვნები უნდა გააკეთოს“, – ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა „პალიტრანიუსში“ განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით, პეტრიაშვილმა 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები „შინ ევროპისკენ“ შეაფასა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, 3 ივლისს დაგეგმილ აქციას კიდევ უფრო მეტი მოქალაქე შეუერთდეს.
სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს
ვინ უერთდება და ვინ – არა მოძრაობის “შინ ევროპისკენ” მოთხოვნებს
„საზოგადოებამ უნდა მოახერხოს დემონსტრირება – 3 ივლისს უმნიშვნელოვანესია, რომ 8 საათზე რუსთაველზე ძალიან ბევრი ადამიანი იყოს. 20-ში და 24-ში ეს ხალხი საკუთარი ნებით, დედაქალაქში, 100 000-ზე მეტი კაცით რომ გამოდის, თანაც სულ სხვადასხვა სპექტრის ხალხი ვნახე. ისეთი ადამიანები ვნახე, ვინც არასდროს მინახავს – არც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წინააღმდეგ, არც „ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. ახლა იდეაა დიდი.
ეს არ იყო მთელი საქართველოდან ჩამოსული ხალხი – მხოლოდ თბილისის მოქალაქეების 10% – 100 000-ზე მეტი მოქალაქე როდესაც ორ დღეში დაორგანიზებულ აქციაზე მოდის თავისი ნებით, დასკვნები უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ძალიან არ მინდა, რომ ეს კრიზისი გაღრმავდეს“ , – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ყოფილი მინისტრი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მან თქვა, რომ უკრაინაში საქართველოდან „დაქირავებული მოხალისეები“ არიან წასული.
პეტრიაშვილის თქმით, ის ქართველი მებრძოლები, რომლებიც უკრაინაში რუს ოკუპანტებს ებრძვიან, თანამედროვეობის გმირები არიან.
„ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნისა და თანამედროვეობის საოცარი გმირები. ეს ადამიანები ძალიან ღიად ამბობენ, რომ უკრაინაში იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, მომავლისთვის, მაგრამ იქვე ამბობენ, რომ ამ დროს იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის და საქართველოს მტრის წინააღმდეგ.
ამ სიტყვებით – „დაქირავებული მოხალისეები“ ღარიბაშვილმა პრაქტიკულად ზუსტად იგივე შეფასება მისცა, რასაც ამბობენ მარგო სიმონიანი, სოლოვიოვი, კეოსაიანი და ა.შ. დაცვის სამსახურშიც არაჩვეულებრივი ბიჭები მუშაობენ, გამორჩეულად წესიერი და სამშობლოს მოყვარული, მაგრამ ღარიბაშვილის გარემოცვაში ნამდვილად არიან დაქირავებული ადამიანები, რომელთაც ეს ეპითეტი მიესადაგება ზუსტად. ძალიან გული მწყდება, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური ასე მიმართავს ჩვენს მეომრებს.
აქ რაღაც საკითხებში დაბრკოლებებს უქმნიდნენ, ჩამოსულები აეროპორტში დაუკავებიათ, იქით წასულებისთვის აეროპორტში თვითმფრინავი დაუბლოკიათ და ა.შ. ეს არ შეიძლება აკეთო რუსეთის და პუტინის შიშით. ხვალ-ზეგ ღარიბაშვილის კარიერა დასრულდება და ის ჩვეულებრივი მოქალაქე იქნება. ამ ქუჩაში უნდა იაროს და ამ ხალხს შეიძლება სადმე გადაეყაროს, თვალებში უნდა შეხედოს. ის ყოვლად მძიმე პასუხისმგებლობას იღებს, ამიტომ ამ სიტყვებს უნდა გაუფრთხილდეს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს.
„27 ივნისამდე ხმალამოღებული ვიბრძოდით ევროპელ პარტნიორებთან და მეგობრებთან, რომ „ევროპული პერსპექტივა“ იქ ჩაწერილიყო. ევროპული პერსპექტივა ნიშნავს გზის გახსნას განაცხადის შეტანისთვის, განაცხადი კი უკვე შეტანილი გვაქვს. ეს იყო აუცილებელი, რომ პროცედურულად გაგვევლო ეს გზა. დღეს უკვე ამაზე წინ ვართ და განაცხადი იყო შეტანილი. ამიტომ ნაცარს ნურავინ შეაყრის ჩვენს მოქალაქეებს, მათ უნდა იცოდნენ – არაფერი საზეიმო და აღსანიშნავი, სამწუხაროდ, იმ დღეს ჩვენ არ გვქონდა, რადგან ამ რბოლაში წინ ვიყავით პირველ ადგილზე.“– აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის დაწყების მიზეზი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გახდა .
3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია. ამის შესახებ „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა 24 ივნისს გამართულ აქციაზე.