მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციის მეშვეობით 700 ათასი დოლარის შეგროვება შეძლო. ამის შესახებ ლადო აფხაზავამ „ფორტუნას“ განუცხადა.
„700 ათასი დოლარი შეგროვდა. თანხა გადავრიცხეთ პოლონურ ორგანიზაციაში, რომელიც ომის საკითხებზე მუშაობდა. ეს თანხები მიდიოდა თავშესაფრებში. ძალიან ბევრი ქვეყანა ამ ორგანიზაციაში რიცხავდა თანხას, რადგან ომის თემაზე მუშაობდნენ.
სულ გვაწვდიან ინფორმაციას, თანხის რა ნაწილია დარჩენილი. ჩეკები მოდის ხოლმე რაში რა დაიხარჯა. ზუსტად ვიცი, ყოველ კვირას რამდენი დოლარი იხარჯება. თანხა ჯერ სრულად ამოწურული არაა. რამდენიმე დღის წინ 120 ათასი იყო დარჩენილი. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც თანხა გადმორიცხა“, – ამბობს ლადო აფხაზავა „ფორტუნასთან“.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ომში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად დედის სახსოვარ ოქროს ბეჭედს და იმ ოქროს მონეტას ყიდდა, რომელიც მას მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე გადასცეს.
„უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად გადავწყვიტე გავყიდო დედის მიერ დატოვებული ოქროს რგოლის ბეჭედი და ჩემი ჯილდოს მონეტა. ალბათ, 2500 ლარი საკმარისია“, – დაწერა ლადო აფხაზავამ 4 მარტს ფეისბუკზე.
მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ ბეჭედი და ვარკის ფონდის ელჩის დამადასტურებელი მონეტა ქართველმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ შეიძინა და შემდეგ ორივე უკან დაუბრუნა.
„როდესაც მე ვარკის ფონდის ელჩის დამადასტურებელი მონეტა გამოვფინე სოციალურ ქსელში და გაყიდვა დავაანონსე, ამის შემდეგ 39 ქვეყანაში ჩემი სტატუსი გადათარგმნეს, გავრცელდა ეს სტატუსი და შემდეგ დაიწყო პროცესი. უცხოეთიდან ადვილად რომ გადაერიცხათ, ისეთი ანგარიში მივაწოდეთ. რადგან დედის ბეჭედს და ჯილდოს ვყიდდი, ამიტომ შეგროვდა ეს თანხები.
მასწავლებლებმა 39 ქვეყნიდან დაიწყეს უკრაინის დასახმარებლად თანხების შეგროვება და ჩვენს მითითებულ ანგარიშზე ირიცხებოდა ეს თანხები. ბოლოს როცა შევამოწმეთ ანგარიში 700 ათასი დოლარი იყო შეგროვილი“. – ამბობს აფხაზავა.
საქველმოქმედო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.