„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, უკრაინის რადას თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
კონკრეტულად მდინარაძის განცხადება შეეხო რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიმართვას, სადაც უკრაინის პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ საქართველო მხოლოდ მთავრობა არ არის, ესაა “უშიშარი, თავისუფლებისმოყვარე ხალხი”, რომელიც არასდროს მისცემს თავს უფლებას, რომ დუმდეს.
მდინარაძის თქმით, საქართველოს მთავრობას ძალიან კარგად ესმის ემოციური ფონი, რომელშიც უკრაინის ხელისუფლებას უწევს მუშაობა და ასეთ დროს, საკითხების უტრირების ალბათობა, იზრდება.
” მიუხედავად ამისა, ჩვენი ვალია, განცხადებები, რომლებიც ქმნის არაობიექტურ აღქმას და აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველოში აწარმოებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კამპანიას საქართველოს სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ.” – განაცხადა მდინარაძემ
რაც შეეხება კონკრეტულად იმ საკითხის არსს, რომელიც გახდა ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადების მიზეზი, მდინარაძის განცხადებით, დღეს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა განმარტება.
“მოთხოვნა რძის პროდუქტებზე ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთში გაიგზავნა 2020 წელს ქართული კერძო კომპანიებისგან. შესაბამისად, ამ განაცხადს ვერც რუსეთ-უკრაინის ომთან და ვერც დასავლური სანქციების გვერდის ავლის მცდელობასთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა.” – აღნიშნავს მდინარაძე.
როგორც “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, ვინც საკითხში ერკვევა, ყველასთვის ცხადია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთში ქართული რძის პროდუქტების ვერავითარ ჭარბ ექსპორტს ვერ განაპირობებს.
“ადგილობრივი მწარმოებლები დღეს სრულად ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ. ამ გარემოებების შესახებ ამომწურავი განმარტებები გააკეთეს როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ისე რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციამ. ეს ფაქტები ცხადად ადასტურებს, რომ სახეზეა უტრირების აშკარა მცდელობა, რის უკანაც პოლიტიკური ინტერესი იკვეთება.” – განაცხადა მდინარაძემ.
ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას მთელი ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა, ისევე, როგორც უკრაინა, რომლისთვისაც, რუსეთი ომის დაწყების დღემდე მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩებოდა.
“საქართველომ, ისევე, როგორც ჩვენი სამეზობლოს ყველა ქვეყანამ – მათ შორის თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ – განაცხადა, რომ ეკონომიკურ სანქციებს ვერ შეუერთდება. ამის მიზეზებიც მკაფიოდ იქნა განმარტებული: რაციონალიზმს არის მოკლებული იმგვარი სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, საქართველოს მოსახლეობას კი უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს შეუქმნის. სანქციებით ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას. გამოკვეთილია ერთადერთი ძალა, ვის ინტერესებშიც ეს შედის და ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოში ვითარების დამძიმება და სამხედრო კონფლიქტში ქვეყნის უშუალო ჩართვაა.”
მდინარაძის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ პირველი, ვინც უკრაინელი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა, სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყო.
“აქვე ჩნდება კითხვებიც იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ამ განცხადებების რეალური ინიციატორი – უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ნაციონალური მოძრაობის.” – აცხადებს მდინარაძე
“სინამდვილეში, მათ, იგივე მეხუთე კოლონას საქართველოში, არ ადარდებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის ბედი. ერთადერთი, რაც მათ ინტერესებშია, საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაა. მათ სურთ საქართველოში 2008 წლის სცენარის გამეორება, როდესაც რუსეთს ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და მოგვიანებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები დაადანაშაულეს.” – აღნიშნავს მამუკა მდინარაძე
“კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ჩვენ მათ არ მივცემთ საქართველოს ომში ჩათრევის შესაძლებლობას.
გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს ვერ გახდება ჩვენი მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თუნდაც ოდნავ შესუსტების მიზეზი. საქართველო აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს უკრაინისთვის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გამოსახატად და ამავდროულად, საქართველოში მშვიდობის და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.