LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში “სტალინისტები” იკრიბებიან, აქეთ “ნაციონალური მოძრაობა” აღნიშნავს თავიანთი ბელადის დაბადების დღეს: ირაკლი ზარქუა

117
ირაკლი ზარქუა

გორშიც იკრიბებიან „სტალინისტები“ და თავიანთი ბელადის დაბადების დღეს აღნიშნავენ, აქეთაც შეიკრიბება “ნაციონალური მოძრაობა” თავიანთი ბელადის დაბადების დღის აღსანიშნად, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” ხვალინდელ აქციას.

უმრავლესობის წევრი აგრეთვე გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით არავინ უნდა მოიტყუოს თავი, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება უნდა.

„პრეზიდენტის განცხადება, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს, პრინციპული იყო, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არ შეიწყალებს.” – განაცხადა ზარქუამ.

მისი განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრა ძალიან კარგია, თუ მათი შეხვედრის შინაარსია, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა განიმუხტოს

“ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არ მივიდა “ნაციონალური მოძრაობა” და ხვალ ისევ აქციას აწყობს, ქაოსი უნდათ შემოიტანოს დედაქალაქის ქუჩებში და ნუ მოვიტყუებთ ნურავინ თავს, რომ ამ ხალხს სჭირდება სტაბილიზაცია. ხვალინდელი მათი აქცია ალბათ, უკავშირდება თავიანთი ლიდერის დაბადების დღეს, ისევე როგორც გორშიც იკრიბებიან სტალინისტები და თავიანთი ბელადის დაბადების დღეს აღნიშნავენ, აქეთაც შეიკრიბებიან თავიანთი ბელადის დაბადების დღის აღსანიშნად. ამის უფლება აქვთ, ეს არ არის პრობლემა, პრობლემაა, რომ მოქალაქეებს დისკომფორტს ნუ უქმნიან. ზოგი მოდის, ბავშვებს ასეირნებს და ქუჩების გადაკეტვა და შეძახილები, ხომ ვნახეთ, რომ ამას არ აქვს გაგრძელება, ხომ ვნახეთ პირველი ტალღა ჩაფლავდა და ახლა მოიწვიეს კიდევ “კგბ”- ს გენერალი, ბიძამისი ბატონი ალასანია, ტყუილად შეაწუხეს კაციც”, – განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, მისთვის და მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ შერიგება მიხეილ სააკაშვილის და სხვების მიტევებას და გარეთ გამოშვებას არ ნიშნავდეს.

“პრეზიდენტის ინიციატივა მისასალმებელია და კეთილშობილურია, ამაღლებულია, ქართველისთვის, ქრისტიანისთვის ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, შერიგებისა და შემორიგებისთვის ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის 2012 წელს კოჰაბიტაციის ნაწილით, რომელიც იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციით და გვერდში დგომით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შერიგება არ ნიშნავდეს, რომ ადამიანებს, ვინც აწამებდნენ, კლავდნენ, ატერორებდნენ ბიზნესს, ახალგაზრებს ხოცავდნენ, მივუტევოთ და ციხიდან გამოვუშვათ. თუ ამას გულისხმობს, ეს მიუღებელია, როგორც ჩემთვის, რიგითი პოლიტიკოსისთვის, ასევე გუნდისთვისაც. “ნაცმოძრაობას” ასე ესმის, რომ პატიმარ სააკაშვილს მივუტევოთ და გარეთ გამოუშვათ. ეს არ არის სწორი დეფინიცია, თუ შერიგება არ დგას სამართლიანობაზე, ის ფუჭია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შერიგება, გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ მწვალებლებს ეპატიოთ დანაშაული და გარეთ გამოვუშვათ,”- განაცხადა ზარქუამ.