„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს.
როგორც მელიამ აღნიშნა, ოპოზიციას სჭირდება დრო ხალხის მობილიზებისთვის და აქციის დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.
„ჩვენ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით, უახლოეს მომავალში ძალიან დიდი ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას. ჩვენ ვაპირებთ სამშაბათს, ბათუმში ჩასვლას, ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ ადგილზე ვიყოთ და გავაპროტესტოთ ჩვენს მეგობრებთან ერთად. ვიყოთ ქუთაისში და მომდევნო დღეებში სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.