LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები არის გაუქმებული, ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე, ბრძოლა იქნება უკომპრომისო: ნიკა მელია

187
ნიკა მელია

„არჩევნები არის გაუქმებული, ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე, ბრძოლა იქნება უკომპრომისო“, – ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკეთა.

მისი განმარტებით, ბევრ მუნიციპალიტეტში ბიძინა ივანიშვილმა, „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვება მოპარა.

თბილისში თითქმის ყველა უბნის მონაცემების დათვლის შედეგად, კახა კალაძეს ხმების 55.60%, ნიკა მელიას კი 44.3% აქვს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა – 15 თვითმმართველ თემში ხმების 100% დათვლილია

„თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში, ივანიშვილის პირობებში არჩევნები ჩატარდება, ვერანაირად ვერასოდეს მე მის მოსაზრებას, როგორც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი, ვერ გავიზიარებ, რადგან არ მჯერა. მოპოვებული გამარჯვებები, ბევრ მუნიციპალიტეტში ბიძინა ივანიშვილმა, ვითომც არ იყო ეს გამარჯვება მოპოვებული, ისე წაიღო, მოიპარა. რა გზით, რა შესაძლებლობებით, ეს ყველაფერი კარგად დაინახეს. მე ბიძინა ივანიშვილს დავპირდი 14 ოქტომბერს, როდესაც გაიმართა დიდი აქცია თავისუფლების მოედანზე, ყველაფერი იქნება მასზე დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცეოდა ის. ბიძინა ივანიშვილზე იყო დამოკიდებული და მან დღეს გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა. პასუხი იქნება ადეკვატური. არჩევნები არის გაუქმებული, არასოდეს მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია.

უკანასკნელი რამდენიმე საათი განგებ არ ვდგებოდი მედიის წინაშე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს არჩევნები ნამდვილად არის გაუქმებული. ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვსდგებით თქვენ წინაშე და ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ვიწროპარტიული ინტერესები აქ აღარ არსებობს, პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს, იმუშავა კოალიციურმა ერთობამ, ხალხს რწმენა გაუღვივდა. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კოალიცია უფრო ფართო გახდეს და ამ კოალიციაში ყველას ადგილი უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების, ჟურნალისტების, ექიმების ინჟინრების, ვინც არის შეწუხებული ფაქტით, რომ არჩევნები ივანიშვილის პირობებში აღარ ჩატარდება. ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვდგებით თქვენ წინაშე და ბრძოლა იქნება, გპირდებით, როგორც ერთი გულანთებული მოქალაქე, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ჩვენ სიტყვებს უბრალოდ არ ვისვრვით. ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მივეცით შანსი, მან ეს შანსი არ გამოიყენა, ჩვენ მთელი ამ საათების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან და მე მათ არ დავულამე ის, რასაც ახლა ვამბობ. მე მათ ვუთხარი, რომ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული. არ არსებობს ადამიანი, ქართველი თუ უცხოელი, ვინც არ იზიარებდეს ამ მოსაზრებას. აქ აღარ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსების საბრძოლველი, ჩვენი სურვილია, რომ ეს ბრძოლა წარიმართოს ფართო კოალიციური მოძრაობით. მოემზადეთ ძვირფასო თანამებრძოლები, ძალიან საინტერესო, თუმცა მძიმე თავგადასავლისთვის. ბრძოლა იქნება უკომპრომისო და იქნება ბოლომდე გამარჯვებისთვის და ბრძოლა იქნება, ვიდრე ჩვენ ამ ქვეყანაში არ მოვიპოვებთ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.