ეს არის სესხი, შესაბამისად, თუკი საკუთარი რესურსი გვაქვს, არ არის საჭიროება, რომ გავზარდოთ სესხი, ეს არის მოცემულობა, – ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირისგან ფინანსური პაკეტის მეორე ტრანშის მიღება მიზანშეწონილი არ არის.
„ვწუხვარ, რომ უფრო მეტად ეკონომიკურმა საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. საკითხი დგას მარტივად – დღეს ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ 1 მლრდ ლარი დამატებით გამოიმუშავა. ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია ბევრ პროგრამას და კარგ საქმეს მოვახმაროთ და საგარეო ვალი, რომელიც ისედაც გაგვეზარდა, პანდემიის გამო აღარ უნდა გავზარდოთ. აქ საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალის გაზრდაზე. ეს არის სესხი, შესაბამისად, თუკი საკუთარი რესურსი გვაქვს, არ არის საჭიროება, რომ გავზარდოთ სესხი, ეს არის მოცემულობა,“ – განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მედიასთან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მადლიერია ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ საქართველოს აღმოუჩინეს, მათ შორის კოვიდ პანდემიის მართვის დროს, მაგრამ დამატებითი 75 მლნ ევროს სესხის აღების საჭიროება აღარ დგას.