გენდერული თანასწორობის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სოფლად მცხოვრები ქალების წახალისების მიზნით, მათზე მორგებული პროგრამა შეიქმნება.
პროექტის მიზანი ქალების ეკონომიკური გაძლიერებაა, რაც გენდერული თანასწორობის საბჭოს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხედვის ერთ-ერთი ნაწილია.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს საპილოტე მუნიციპალიტეტებში სასათბურე მეურნეობების შექმნას, რაც სოფლად მცხოვრებ ქალებს წაახალისებს – გახდნენ მეწარმეები და შექმნან საკუთარი სათბურები.
ცალკე მდგომი გენდერული პროგრამის შემუშავების საკითხი სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა აღნიშნა, საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომ სოფლის განვითარების სააგენტომ, ქალებზე მორგებული, თუნდაც მცირებიუჯეტიანი პროგრამა გააკეთოს, უკვე რეალობად იქცევა.
“გენდერული თანასწორობის საბჭოს რეკომენდაციები ითვალისწინებდა წარმატებული ბენეფიციარი ქალების ქსელის შექმნას, მათი, როგორც მენტორების პროგრამებში ჩართვას და ასევე, მხოლოდ ქალებისათვი, სააგენტოების მიერ საპილოტე მცირემასშტაბიანი პროგრამების შექმნას.
რეკომენდაციები, რომლის საფუძველზეც პროგრამა მომზადდება, შემუშავდა გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით ჩატარებული თემატური მოკვლევის ფარგლებში თემაზე: “სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა.” – აღნიშნავენ პროგრამის ინიციატორები.
ნინო წილოსანის განმარტებით, სპეციალურად ქალების საჭიროებებზე და ქალების შესაძლებლობებზე მორგებული პროგრამა სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ხელს შეუწყობს. მისივე თქმით, პროგრამის ძირითადი დონორი გაეროს ქალთა ორგანიზაცია იქნება, თუმცა დაფინანსებაში სახელმწიფოს თანამონაწილეობაც არის განსაზღვრული.