თუ პოლიტიკაში რაღაც ამბიციები გააჩნიათ პოლიტიკური განცხადებები, შეფასებები და კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდება ერთმანეთისგან გაარჩიონ და აღარ მოუწევთ პროკურატურაში სირბილი და განცხადებების წერა, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და გიორგი გახარიას თანაგუნდელების მიერ პროკურატურაში განცხადების შეტანას გამოეხმაურა.
მისი თქმით, უხერხულია ჭორებზე საუბარი იმ ადამიანებისგან, ვინც კამპანიას და სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს ჭორებზე აგებს. მისივე თქმით, შეფასებები, რომ გამოქვეყნებული განცხადებით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა “ნაცური ნარატივია”.
“როცა ადამიანის სახელით სპეკულირებენ და ავრცელებენ ჭორებს, ამ ჭორების საფუძველზე ცდილობენ გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ არჩევნებში, 3-4 პროცენტი მაინც ჩამოატეხონ რეიტინგში და საარჩევნო შედეგებში „ქართულ ოცნებას“, მათი მხრიდან ჭორაობაზეც ძალიან უხერხულია საუბარი, როცა ჭორზე აგებენ მთელ თავის კამპანიას და იმაზეც ძალიან უხერხულია საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ განცხადებით დაბრუნდა პოლიტიკაში – ეს არის „ნაცური“ ნარატივი. რადგან თავისი სახელი დაარქვა ყველაფერს, ეს არ ნიშნავს რომ ის დაბრუნდა პოლიტიკაში, მან დააფიქსირა თავის პოზიცია.
ჩვენ ანალოგიურად ვფიქრობთ, რომ თავის დროზე ადამიანს, რომელსაც ეჭირა პრემიერის პოზიცია და იყო ძალიან კრიტიკული მომენტი მისი გუნდისთვის, მისი ქმედება შეფასებული იქნა როგორც ღალატი. მის თანაგუნდელებს ასევე ვურჩევ, ერთმანეთისგან გაარჩიონ პოლიტიკური განცხადებები და კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდება, ამას თუ გაითვალისწინებენ მეორედ პროკურატურაში აღარ გაიქცევიან და ყველა ასეთ განცხადებაზე, რომელიც არის სწორი, არ მოუწევთ განცხადებების წერა”, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
გახარია და მისი გუნდი როგორც პროკურატურისგან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც შეეხება “პოლიციელების, ჯარისკაცების და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ”, რეაგირებას ითხოვენ.