LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპ რიკერმა საქართველოს პროგრესს ნატოში ინტეგრაციის კუთხით მაღალი შეფასება მისცა

31
Untitled design (1)

ფილიპ რიკერმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას საქართველოს პროგრესს ნატოში ინტეგრაციის კუთხით მაღალი შეფასება მისცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითად საკითხზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით.

შეხვედრაზე ისაუბრეს პოსტკოვიდურ პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაწეულ დახმარებაზეც:

“ხაზი გაესვა, რომ თეთრი სახლის მიერ შემუშავებულ ვაქცინების გაზიარების გეგმაში საქართველოსთვის პრიორიტეტის მინიჭება, ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი პარტნიორობის კიდევ ერთი ძლიერი დემონსტრირებაა. პრემიერ-მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის და პანდემიის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერმა და ფილიპ რიკერმა რეგიონში არსებული ვითარება და ახალი გეოპოლიტიკური გარემოც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა ფუნქცია შეიძლება შეასრულოს საქართველომ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში:

“აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. ქართული მხარის შეფასებით, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა, რასაც მოწმობს გახშირებული მაღალი დონის ვიზიტები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მაღალი შეფასება მისცა იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობა იქნება ძალიან მკაფიო მოახლოებულ ნატოს სამიტზე იმ პროგრესის ასახვის კუთხით, რა პროგრესიც აქვს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ეს პროგრესი აისახება იმ დეკლარაციაში, რომელშიც განხილული იქნება ალიანსის ღია კარის პოლიტიკა.” – აცხადებენ პრესსამსახურში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს მოწინავე პოზიციებზე აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში. აღინიშნა, რომ აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი, მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხაზგასმა და მხარდაჭერა.

მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზეც ისაუბრეს:

“მაღალი შეფასება მიეცა 19 აპრილის შეთანხმებას. პრემიერ-მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული პოზიცია ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა მზაობას, გაგრძელდეს ყველა დემოკრატიული რეფორმა, რომელიც გაამყარებს ქვეყნის მდგრადობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისასალმებელია მრავალპარტიული პარლამენტის აღდგენა. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებით გაესვა ხაზი მთლიანი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას ყველა მონაწილე მხარის მიერ.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი შეხვდა როგორც ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები