“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორი აცხადებს, რომ შუამდგომლობით მოთხოვნილია მელიას პატიმრობის შეცვლა გირაოთი.
ამირან გულუაშვილის თქმით, შუამდგომლობაში გირაო 40 000 ლარის ოდენობით ფიგურირებს.
პროკურორის განცხადებით, ნიკა მელიას პატიმრობა მათი თვითმიზანი არასდროს ყოფილა და პროკურატურის შეთავაზება ტექნიკურად ძალიან მარტივად განსახორციელებელი იყო:
“ჩვენ შეთავაზების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით გუშინ მივმართეთ. შუამდგომლობით მოთხოვნილია ნიკა მელიას პატიმრობის შეცვლა გირაოთი. კერძოდ, შუამგდომლობაში გირაო 40 000 ლარის ოდენობით ფიგურირებს.
ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ამასთან, ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე მინდა ყურადღების გამახვილება, 25 თებერვლის შეთავაზების შემდგომ არაერთხელ მოისმინეთ ადვოკატებისგან, ასევე ბრალდებულისგან, რომ პროკურატურის შეთავაზება სამართლებრივ მოცემულობას არ შეესაბამება, თუმცა 8 მაისს ყველამ ნახეთ, რომ ეს არა თუ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, ძალიან მარტივად განხორციელებადი იყო ტექნიკურად.” – თქვა გულუაშვილმა.
შეგახსენებთ, ამ წუტებში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.