ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, „ნიკა მელია პირად პოლიტიკურ ამბიციებზე არ ფიქრობს, ის ოპოზიციის გაერთიანებაზე ფიქრობს და არა გაყოფაზე“. აღნიშნული განცხადება ქარდავამ, ნიკა მელიასთან საპატიმრო დაწესებულებაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისივე განცხადებით, ნიკა მელია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დასაძლევად თავისი კონკრეტული გეგმაც აქვს შემუშავებული.
„ნიკა მელია პირად პოლიტიკურ ამბიციებზე არ ფიქრობს, ის ოპოზიციის გაერთიანებაზე ფიქრობს და არა გაყოფაზე. ის აქტიურად არის პროცესებში ჩართული, მას აქვს თავისი კონკრეტული გეგმა უახლოესი პოლიტიკური ამოცანების დასაძლევად, ის წარსულზე არ ფიქრობს, მომავალზე ფიქრობს. კონკრეტული საუბარი ამ მომავალთან დაკავშირებით იყო. ეს შეხვედრა ერთჯერადი არ იყო. თუ ბიძინა ივანიშვილი მალე არ გაათავისუფლებს ნიკა მელიას, მას შევხვდებით არა მის კაბინეტში, შევხვდებით ციხეში. ადგილობრივი არჩევნები ხელისუფლებისთვის რეფერენდუმად უნდა იქცეს და ასეც იქნება. ნიკა მელიამ ყურადღება გაამახვილა და ის ამისთვის მუშაობას აპირებს ოპოზიციის ერთიანობის შესანარჩუნებლად”, – განაცხადა ქარდავამ.