LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი სახელისუფლებლო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია: ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

133
ხელმოწერა

ოპოზიციური პარტიები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის, ასევე ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გამოძიების არ დაწყება, მიუთითებს იმაზე, რომ მთელი სახელისუფლებლო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია, ხოლო ქვეყანაში კვლავ შერჩევითი სამართალია. 

“ერთ თვეზე მეტი გავიდა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერები მოისმინა. აღმაშფოთებელი იყო იმის გაგება თუ რა ფორმით და როგორ ახდენდნენ ზეწოლას, ემუქრებოდნენ და ამცირებდნენ ივანიშვილის გარემოცვის წევრები ადამიანებს, მათ შორის, არასრულწლოვნებს, მხოლოდ იმისთვის, რომ  “ფეისბუქზე” ბერას მიმართ კრიტიკული ან თუნდაც უცენზურო ტერმინების შემცველი პოსტი დაწერეს,” – ვკითხულობთ პარტიების განცხადებაში.

მათი შეფასებით, ეს ყველაფერი ივანიშვილის ვაჟის და საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით, მათი უშუალო მითითებით ხდებოდა, ხოლო ბერა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა ის, რაც მოქალაქეებმა ტვ “პირველის” მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან გაიგეს – საჯარო გახდა ბევრი სხვა ანალოგიური ბრალდებაც.

“ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა, მათ არავინ დაუკითხავთ და არაფრის გარკვევა არ უცდიათ, გარდა ერთისა – ისინი კანონდარღვევით ცდილობდნენ ტვ “პირველიდან” კონფიდენციალური მასალის ამოღებას და ჩანაწერის გავრცელების პირველწყაროს გაგებას. ეს მიუთითებს რომ მთელი სახელისუფლებლო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოსდევს გოგი წულაიას დაპატიმრება, რომელმაც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, საჯაროდ სიმბოლური სახით გამოუცხადა სოლიდარობა მათ, ვინც ბერას კრიტიკის გამო დაისაჯა.

“ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი, რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად საშიშია “ქართული ოცნების” ხელისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს ემსახურება და მზადაა შურისძიების იარაღად სწორედ ამ ოჯახის წევრთა ხელში იქცეს.

განცხადებაზე ხელმომწერი პარტიები არიან:

“გირჩი-მეტი თავისუფლება”
“ევროპული საქართველო”
მოძრაობა “დროა”
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
“ლეიბორისტული პარტია”
“გამარჯვებული საქართველო”
“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა”
“ახალი ქრისტიან დემოკრატები”
“სამართლიანობისთვის”
“სტრატეგია აღმაშენებელი”
“ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა”
“ევროპული დემოკრატები”
“კანონი და სამართალი”
“პროგრესი და თავისუფლება”
“ქართული არჩევანი”
“საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება”
“ეროვნულ დემოკრატიული პარტია”
“სახელმწიფო ხალხისათვის”
“თავისუფალი საქართველო”
“სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის”
“ქრისტიან კონსერვატიული პარტია”
“ემსახურე საქართველოს”