“გულწრფელად მივესალმებით 19 აპრილს, მმართველ გუნდსა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის მიღწეულ შეთანხმებას. მხარეებმა ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს: “საქართველოს წინსვლის გზა”, იმისათვის, რომ საქართველოში დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი და ქვეყანა გამოვიდეს ჩიხიდან.” – ასეთია სამი ევროპარლამენტარი დეპუტატის პოზიცია პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერს სამი ევროპარლამენტარი: ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე სვენ მიკსერი და დემოკრატიის მხარდაჭერის ჯგუფის წევრი ვიოლა ფონ კრამონი.
? Joint statement by the Chair of the @Europarl_EN Delegation for relations with the South Caucasus, @MarinaKaljurand, and the Standing Rapporteur on Georgia, @svenmikser, on the resolution of the political crisis in Georgia ??.https://t.co/kD6meyhTvL ?
— AFET Committee Press (@EP_ForeignAff) April 21, 2021
ევროპარლამენტარები დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ის პირველ რიგში, საჭიროა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, შეთანხმება ხელს შეუწყობს პოლიტიკური კრიზისის დაძლევას და ასევე შეამცირებს პოლიტიკური პოლარიზაციის საფრთხეს.
ევროპარლამენტარები სამართლიანობის პრინციპების დაცვაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომელსაც კიდევ უფრო განამტკიცებს პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სწორედ ამ დემოკრატიული პრინციპების დაცვა შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ იმ ოპოზიციურ პარტიებსა და პარლამენტის წევრებს, რომელთაც დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერიათ, გამოიჩინონ გამბედაობა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის – მოაწერონ ხელი დოკუმენტს.
შეგახსენებთ,”ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ცალკეულმა დეპუტატებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს ხელი 19 აპრილს მოაწერეს.